Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მარკო რუბიომ და მისმა პოლონელმა კოლეგამ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

მარკო რუბიომ და მისმა პოლონელმა კოლეგამ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს


მარკო რუბიომ რადოსლავ სიკორსკი ვაშინგტონში მიიღო
მარკო რუბიომ რადოსლავ სიკორსკი ვაშინგტონში მიიღო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც 21 თებერვალს გაიმართა ვაშინგტონში, მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე, „ნატოს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის დაუყოვნებლივ ზრდის საჭიროება“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სურვილს და მიზანს უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტიანობით დასრულების შესახებ.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელობა და განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები, განსაკუთრებით თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში.

მარკო რუბიომ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ცნობით, პოლონელი კოლეგის მიმართ გამოხატა „მადლიერება იმ მაგალითისთვის, რომელსაც პოლონეთი ქმნის თავდაცვაზე მიმართული ხარჯების ზომით“.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და საჭიროება, ნატოს მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

იმავე დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას. სიბიჰამ მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.

„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მოვახდინეთ პოზიციების კოორდინირება რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ“, - განაცხადა სიბიჰამ.

მოგვიანებით მინისტრი სიბიჰა ასევე ესაუბრა მარკო რუბიოს და X-ზე დაწერა:

„მე ვესაუბრე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა გაგრძელდეს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი უკრაინასა და აშშ-ს შორის“.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ, მე ხაზი გავუსვი უკრაინის მტკიცე ნებას მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც გააძლიერებს უკრაინასა და აშშ-ს“, - აცხადებს ანდრიი სიბიჰა.

შეხვედრასა და განცხადებებს წინ უძღოდა ბოლო პერიოდში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთანხმოება რუსეთ-უკრაინის ომსა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG