Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სუსი აცხადებს, რომ ორი ადამიანი დააკავა „კონტრტერორისტული ოპერაციებისას“ - დეტალები უცნობია

სუსი აცხადებს, რომ ორი ადამიანი დააკავა „კონტრტერორისტული ოპერაციებისას“ - დეტალები უცნობია


სუსის განცხადებით, ორი ადამიანი ტერორიზმთან კავშირის გამო დააკავეს.
სუსის განცხადებით, ორი ადამიანი ტერორიზმთან კავშირის გამო დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რამდენიმე „კონტრტერორისტული ოპერაცია“ ჩაატარეს, ორი ადამიანი დააკავეს და საბრძოლო მასალა, თანხა და სხვა „მტკიცებულებები“ ამოიღეს. საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალებზე სუსი არ საუბრობს.

უწყების მიერ 20 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ საქართველოში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა „კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში“.

ამ ოპერაციების შედეგად დააკავეს ორი ადამიანი. სუსის პრესრელიზში არ არის დაზუსტებული, თუ სად. რადიო თავისუფლებას უწყების პრესცენტრში უთხრეს, რომ ერთი მათგანი დააკავეს თბილისში, მეორე კი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონში, რომელსაც არ აზუსტებენ.

სუსის თანახმადვე, მათი სახლებიდან ამოიღეს მტკიცებულებები: „საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები“.

სუსი წერს იმასაც, რომ დაკავებულთა სახლებიდან ამოიღეს „საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ „შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება“.

რადიო თავისუფლებამ სცადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრთან დაეზუსტებინა, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაზეა საუბარი, თუმცა უწყებაში ამ და სხვა კითხვებს არ უპასუხეს.

სუსის გავრცელებული ფოტო
სუსის გავრცელებული ფოტო

სუსის მიერ გავრცელებულ ფოტოებში, რომლებიც, უწყების თანახმად, ერთ-ერთი სახლშია გადაღებული, ჩანს:

  • ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, სავარაუდოდ, „კალაშნიკოვის“ (AK-47 ან სხვა ვარიანტების) 61 ცალი ვაზნა (სავარაუდოდ, 7,62 x 39 მმ) და მჭიდი; ასევე, გლუვლულიანი იარაღის ერთი ცალი ვაზნა;
  • სამი ხელყუმბარა, მათ შორის ერთი ხელნაკეთი;
  • ელექტრონული მოწყობილობები, - სავარაუდოდ, ფოტოკამერა და ორი მობილური ტელეფონი;
  • სავარაუდოდ, დეტონატორის სადენები;
  • საქართველოს პასპორტი;
  • შავი ფერის „ბალაკლავა“ (მთელი სახის დამფარავი ნიღაბი);
  • ბლოკნოტები;
  • შავი ფერის დროშა, რომელზეც თეთრი ფერის გამოსახულება სუსს დაფარული („დაბლარული“) აქვს.

უწყების გავრცელებულ ვიდეოში დამატებით ჩანს მაგიდაზე ამ ყველაფერთან ერთად დადებული ორი წიგნი, მათ შორის ერთს ლათინური ასოებით აწერია „ჯიჰადი“ (არა J-თი, არამედ C-თი - Cihad). მეორე წიგნიც რელიგიური შინაარსისაა. ასევე - დაკავებული პირის ოთახის კუთხეში დალაგებული ათობით წიგნი, რომელთა დასახელებების გარჩევა ჭირს.

კადრი სუსის გამოქვეყნებული ვიდეოდან
კადრი სუსის გამოქვეყნებული ვიდეოდან

ვიდეოში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, მეორე სახლში, საწოლის გვერდზე დევს მცირე ზომის, მწვანე ფერის წიგნაკი, სავარაუდოდ, ყურანი.

სუსის თანახმად, გამოძიება გრძელდება „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით, - სისხლის სამართლის კოდესის 328-ე მუხლით.

ეს მუხლი 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულებს ბრალს დღესვე, მოგვიანებით წარუდგენენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG