17 თებერვალს ნათია თურნავამ გიორგი ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტების დავის საქმეზე, - რის გამოც ბაჩიაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა ჩვენება.
ამავე სხდომაზე, - რომელიც თურნავას ჩვენების შემდეგ კვლავ გაიხსნა, - მოუსმინეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტს, რომელმაც თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი აუდიოჩანაწერი - მისი და ივანიშვილის საუბარი - „დამონტაჟებულია“.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს წარუდგენს აუდიოჩანაწერზე გერმანული ექსპერტიზის ცნობას, რითაც დადასტურდება, რომ ივანიშვილი მას მართლაც დაეხმარა სესხის აღებაში და ეს არ ყოფილა მილიარდერის „ინვესტიცია“, ნათია თურნავამ კი ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
მორიგი ჩვენება დახურულ კარს მიღმა
„ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონითაა განპირობებული. თუ ბანკი დასაჯარიმებელია, ვაჯარიმებთ... ბანკებს ვუწესებთ ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია“, - ეს სიტყვები უთხრა ნათია თურნავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს დახურული სხდომის შემდეგ.
სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
დღევანდელი სხდომის ის მონაკვეთი, როდესაც ნათია თურნავა აძლევდა ჩვენებას, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დახურა.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ სხდომა უნდა დახურულიყო, ვინაიდან ნათია თურნავას გამოკითხვისას ისაუბრებდნენ კომერციულ საიდუმლოებებზე, მიზანი კი „კომერციული საიდუმლოს დაცვა“ იყო.
ამის საპირისპიროდ, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სხდომა საჯარო ყოფილიყო. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სხდომაზე კომერციულ საიდუმლოზე არ ისაუბრებდნენ.
საბოლოოდ, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ საქმეზე მოწმეები დახურულ კარს მიღმა იკითხებიან.
- დახურულ კარს მიღმა, - დისტანციურად, სასამართლოში მისვლის გარეშე - გამოიკითხა თავად მილიარდერი ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი (5 თებერვალს);
- ასევე, სხდომები დაიხურა „ქართუ“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავასა და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის გამოკითხვის დროსაც (29 იანვარს).
მხარეებისა და ეროვნული ბანკის შემდგომი განმარტებებიდან მეტ-ნაკლებად მაინც გამოიკვეთა, თუ რას ეხებოდა ნათია თურნავას ჩვენება და როგორ არის ეს ამბავი დაკავშირებული ივანიშვილი-ბაჩიაშვილის დავასთან.
და სანამ ამ საკითხისათვის ნათლის მოფენას ვეცდებოდეთ, სწორედ დავის დეტალები უნდა მიმოვიხილოთ.
„სესხი“ თუ „ინვესტიცია“?
ბაჩიაშვილს ივანიშვილის ინიციირებული საქმის საფუძველზე ორი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე ან 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდების დასახელებებია „დიდი ოდენობით ქონების მითვისება“ და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრება“.
პროკურატურამ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 2023 წლის 23 მარტს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მისმა ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ ბაჩიაშვილს გენერალურ პროკურატურაში უჩივლა.
ივანიშვილის პრეტენზიები, ბრალდება და მრავალტომიანი სისხლის სამართლის საქმის არსი ერთ ძირითად საკითხზე დადის:
ის ხუთი მილიონი აშშ დოლარი, რაც ბიტკოინის „მაინინგში“ (მოპოვებაში) ჩაიდო, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია იყო თუ ბაჩიაშვილისთვის მიცემული სესხი?
ბიძინა ივანიშვილის ვერსია
სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ივანიშვილის ადვოკატის განცხადებებიდან მომჩივანი მხარის ვერსია ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- 2015 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა, - რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო და მედიაში მის „პირად ფინანსისტადაც“ მოიხსენიებდნენ, - თავის უფროსს ბიტკოინის მაინინგში თანხების დაბანდება შესთავაზა;
- ივანიშვილი დაინტერესდა, დათანხმდა და $5 მილიონის ინვესტირება გადაწყვიტა;
- ივანიშვილს უნდოდა, ეს თანხა ბაჩიაშვილისთვის გადაეცა თავისი პირადი საბანკო ანგარიშიდან, მაგრამ ბაჩიაშვილმა ურჩია, რომ „მეტი მოქნილობისთვის“, ეს თანხა „ქართუ“ ბანკის მეშვეობით სესხად გაეცა ბაჩიაშვილის კომპანიისათვის, Mission Gate-ისთვის;
- ივანიშვილი ამასაც დათანხმდა: ამ თანხის გამოყოფა დაავალა „ქართუს“ მაშინდელ გენერალურ დირექტორს, ნატო ხაინდრავას. ხაინდრავა ასეც მოიქცა.
- აქ მომჩივანი მხარე ხაზს უსვამს, რომ სესხი თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი იყო, მოგვიანებით კი „მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ივანიშვილის პირადი თანხით“;
- ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა ფული ბიტკოინების მაინინგში დააბანდა და ხაინდრავამაც და ბაჩიაშვილმაც ივანიშვილს აცნობეს ეს ამბავი.
- გადის დრო და, ივანიშვილის ადვოკატის ვერსიით, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ აშფოთებს კრიპტოვალუტის ბაზრის ქცევა, ამბობს, შიშობს, რომ გაუფასურების რისკი მაღალია და ივანიშვილს არწმუნებს, რომ ბიტკოინები გაყიდოს;
- ბაჩიაშვილი 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში აბრუნებს ბანკიდან სესხის ფორმით მიღებულ $5 მილიონს, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი „ქართუს“ წარმომადგენელ ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცემს $536 900-ს, - რაც „დარჩენილი იყო გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული თანხიდან“.
- წლების შემდეგ ივანიშვილი ბაჩიაშვილის ფიგურით დაეჭვდება „მტკვარი ჰესში“ სავარაუდო დარღვევების გამო, ინტერესდება კრიპტომაინინგის საქმითაც და აღმოაჩენს, რომ ბაჩიაშვილმა ის „შეცდომაში შეიყვანა“ და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვერსია, რასაც ავითარებს პროკურატურა და რომლის დასადასტურებლადაც ჩვენებას აძლევენ „ქართუს“ წარმომადგენლები, ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე და ახლა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
გიორგი ბაჩიაშვილი სხვა სურათს ხატავს.
გიორგი ბაჩიაშვილის ვერსია
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს ზაფხულში „ქართუ ბანკმა“ $5 მილიონი სესხად გასცა მის მიერ დაარსებულ „ვენჩურულ“ კომპანია Mission Gate-ზე, ამ ფირმას კი კომპანია Bitfury-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ეს თანხა უნდა ჩაედო ბიტკოინის მაინინგში, - და ასეც მოხდა.
მაგრამ, დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, - რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, - ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.
ამასთან, ბაჩიაშვილის თქმით, Mission Gate-ის მიერ ბიტკოინებში ინვესტირება პირადად მისი ინიციატივა იყო და ივანიშვილს მისთვის ეს არც დაუვალებია და არც შეუთავაზებია. პირიქით მოხდა.
მისი მტკიცებით, მან სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აეღო „ქართუ ბანკიდან“ ბიტკოინის მაინინგში ინვესტიციისათვის, რასაც მილიარდერი დათანხმდა.
იმ დროს, ბაჩიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა $1.5 მილიონი, და რადგან Bitfury $6.5 მილიონს ითხოვდა, ივანიშვილს $5 მილიონის სესხი სთხოვა.
ბაჩიაშვილი ხაზს უსვამს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ისე ნატო ხაინდრავასთან ყოველი კომუნიკაციისას ამ საკითხზე საუბარი შეეხებოდა „სესხს“ და არა ივანიშვილის ინვესტიციას.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ტელეფონით ესაუბრა ივანიშვილს, რა დროსაც მან თქვა, რომ ნატო ხაინდრავა გარკვეულ რისკებს ხედავდა; ამის შემდეგ ბაჩიაშვილი მიდის ნატო ხაინდრავასთან, რომელიც ბანკის სახელით სესხის პროცენტის სანაცვლოდ ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს ითხოვს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ წერს, ბაჩიაშვილის ვერსიით, ის საბოლოოდ დაეთანხმა ამ შეთავაზებას და „ქართუს“ - ნატო ხაინდრავას - ამ 30%-ის გადახდის ასეთი სქემა შესთავაზა:
- Mission Gate Inc.-სა და Bitfury-ის შორის დადებული კონტრაქტიდან, „ქართუ ბანკის“ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის პროპორციულად, მაინინგისგან მიღებული შემოსავლის 30%-ს გამოაკლდებოდა ბანკში გადასახდელი პროცენტი;
- გამომუშავებულ ბიტკოინებს და მის ღირებულებებს დააფიქსირებდა Mission Gate Inc.-ის კრიპტოვალუტის საფულეზე/მისამართზე, სადაც ასევე დაფიქსირდებოდა ჩარიცხვა/გადარიცხვები და ფასები, და ამის მიხედვით დაითვლებოდა ის თანხა, რომელიც ივანიშვილს ნაღდი ფულით უნდა მოეთხოვა.
საბოლოოდ, 2015 წლის აგვისტოში, 5 მილიონი აშშ დოლარი ორ სესხად გაიცა Mission Gate-ის მიერ „ქართუ ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე. თანხა მოგვიანებით Bitfury-ის ანგარიშზე გადაირიცხა.
ერთი წლის შემდეგ ბაჩიაშვილმა სესხი, პროცენტებიანად, დააბრუნა; ხოლო კრედიტის პროცენტის მიღმა მოთხოვნილმა თანხამ, - ბაჩიაშვილის თქმით, ის ზეპირ მოლაპარაკებად დარჩა და დოკუმენტებში არ ასახულა, - $536 900 შეადგინა და ის ნაღდი ფულით, ნატო ხაინდრავას გადასცა.
ივანიშვილის მხარე, მეორე მხრივ, ამბობს, რომ $536 900 დოლარია ის თანხა, რაც ბაჩიაშვილმა ივანიშვილს გადასცა, როდესაც „ინვესტორის კუთვნილი“ 8000-ზე მეტი ბიტკოინი კიდევ უნდა დაებრუნებინა.
- 8253 ბიტკოინის ფასი 2017 წლისთვის კი 39.2 მილიონ დოლარს აჭარბებდა;
- 2025 წლის 17 თებერვლისთვის, ამ რაოდენობის ბიტკოინის ღირებულება $767 მილიონზე მეტია.
რა შუაშია ნათია თურნავა?
სასამართლო განხილვების პარალელურად, 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ საქმეს დაერთო ნათია თურნავას ხელმოწერილი, 2023 წლის ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი.
ამ დოკუმენტის მიხედვით, მხარეთა განცხადებების თანახმად, ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა, - რომელსაც ამ დროს უკვე ნათია თურნავა ხელმძღვანელობს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, - „ქართუ ბანკი“ დააჯარიმა.
როდესაც 2025 წელს თურნავას საქმეში მოწმედ ჩართვის ამბავი გახმაურდა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა:
- „ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მოგვევლინა „მოწმედ“ ივანიშვილის სასარგებლოდ, აღნიშნული დაჯარიმება კი მთავარ არგუმენტად მოიშველია;
- იგი ამტკიცებს, რომ „ქართუმ“ თურმე წესების დარღვევით გასცა ბაჩიაშვილზე სესხი, თანაც ივანიშვილის, როგორც ბანკთან „დაკავშირებული პირის“ მონაწილეობით და 8 წლის მერე გადაწყვიტა ბანკის (და ივანიშვილის) დასჯა“;
- „ამით ეროვნული ბანკი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მარეგულირებელი ნორმების დარღვევით გაცემული ფული სესხი კი არ არის, არამედ ივანიშვილის ინვესტიციაა“.
ამჟამად „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია.
17 თებერვალს თურნავას გამოკითხვის შემდეგ ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა:
„დადასტურდა ის, რომ ამ საქმეში ნამდვილად ბატონი ბიძინა ივანიშვილია ინვესტორი“.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა:
„დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ცალსახად და პირდაპირ დაადასტურეს ის გარემოება, რასაც ჩვენ ბრალდებულს სამართლებრივად ვედავებით… აბსოლუტურად ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ინვესტიცია დაზარალებულის მხრიდან იყო განხორციელებული“.
მოგვიანებით, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სს „ქართუ ბანკის“ თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ არის სრული სპეკულაცია“.
„გამოძალვაში თანამონაწილეობა“
„ამას ჰქვია გამოძალვაში თანამონაწილეობა“, - ასე შეაფასა გიორგი ბაჩიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში ნათია თურნავასა და ეროვნული ბანკის როლი მის წინააღმდეგ საქმეში. მან ეს საკითხი ასე განმარტა:
- „როდესაც ბანკი გასცემს სესხს, - ან ინვესტიციას, როგორც თავად ამბობს, - თავისთან დაკავშირებულ პირზე, - თავის მეპატრონეზე ან მეპატრონის ნათესავზე, მან უნდა შეასრულოს გარკვეული სარეზერვო მოთხოვნები;
- კერძოდ, ეროვნულ ბანკს უნდა შეატყობინოს და ეს სესხი სხვანაირი პროცენტით დარეზერვდეს, რადგან დეპოზიტარების ფული არ იქნას გამოყენებული მეპატრონის მიერ თავის სასარგებლოდ;
- ეს სესხი რადგან იყო ჩემი, „ქართუ ბანკს“ სებ-ისთვის არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია, რომ ეს იყო ბიძინასი, - და არც უნდა მიეწოდებინა, რადგან სესხი იყო ჩემი.
- 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა თავის წერილში თქვა, რომ … ჩვენ გამოვითხოვეთ სასესხო ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები და დავასკვენით, რომ ეს სესხი იყო ივანიშვილის ინვესტიცია და ამისთვის დავაჯარიმეთ „ქართუ“ ბანკიო.
- ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დაადგინოს, რომ ივანიშვილი თურმე იყო ინვესტორი მხოლოდ და მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წერილობითი განმარტების საფუძველზე, გამორიცხულია, - თურნავა ვერ იქნება მოსამართლე და მის ფუნქციას ვერ შეითავსებს“.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ მას [თურნავას] პასუხისგებამაც მოუწიოს მომავალში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნორმალური მთავრობის ხელში იქნება“, - თქვა ბაჩიაშვილმა.
აუდიოჩანაწერი და „მეორე ჩვენება“
17 თებერვალსვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოუსმინეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების სამმართველოს ექსპერტს, ასმათ მატუშევსკაიას.
სწორედ მატუშევსკაიამ, - რომელსაც, მისი თქმით, 45-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, - ჩაუტარა ექსპერტიზა ჩანაწერს, რომელიც ბაჩიაშვილმა წარადგინა მტკიცებულებად.
ექსპერტის თქმით, ჩანაწერი „დამონტაჟებული“ იყო. დასკვნაში წერია:
„ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე არსებულ სადავო აუდიოჩანაწერზე დაფიქსირდა მონტაჟის ნიშნები… წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზე მონაწილე პირთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია მასზე არსებული ალოგიკური მოვლენების გამო“.
„უბრალოდ, სასაცილოა ეს დოკუმენტი“, - თქვა ბაჩიაშვილმა 12 თებერვალს.
17 თებერვალს უკვე სასამართლოზე თქვა ექსპერტმა მატუშევსკაიამ, რომ: „გარკვეული ინტონაციური ცვლილებები იყო, გარკვეული ისეთ ალოგიკურად, იმპულსები, რაც ექსპერტის ყურით და თვალით არ მომეწონა, შეუსაბამოდ მომეჩვენა“.
ჩანაწერი, ბაჩიაშვილის თანახმად, ინახავს მისი და ბიძინა ივანიშვილის 10-წუთიან სატელეფონო საუბარს სესხზე:
„მე ვთხოვ ივანიშვილს, რომ დახმარება გამიწიოს „ქართუ ბანკში“ სესხის მიღებაში. აქ არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას და მათ ჩვენებებს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმითვე, 2023 წელსვე, როდესაც ივანიშვილმა შეიტყო ჩანაწერის შესახებ, მისცა მეორე ჩვენება:
„[მეორე ჩვენებაში] ის აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი, პრინციპში, სწორია და ასე ვისაუბრეთო, მაგრამ შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილიო, თუმცა არ უარყოფს შინაარსს და ამბობს, რომ ჩანაწერში ასახული არის პრეისტორია. ანუ კი, სესხზე მოველაპარაკეო, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო და მერე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი რომ მოვიდა და შემომთავაზა, რომ მე გავმხდარიყავი ინვესტორი, ამის შემდეგ მე გავხდი ინვესტორიო. პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს და საპირისპირო გამოდის“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
ექსპერტიზას უნდა გამოევლინა, ნამდვილად ივანიშვილი და ბაჩიაშვილი საუბრობენ თუ არა, თუმცა ეს საკითხი არც კი შეისწავლა:
„კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩანაწერი არ არის ავთენტური და ამდენი მონტაჟის ნიშნები რომ დადგინდა, აქ წყდება ფონოსკოპიური ექსპერტიზის მუშაობა. სხვა სახის ექსპერტიზაზე გადასვლა არ შეიძლება, - ეს არის კანონით განსაზღვრული“, - განმარტა ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა.
„შეიძლება, ვიღაცას მივამსგავსოთ, - შეიძლება ნიმუშსაც მივამსგავსოთ [ნიმუში ივანიშვილის ხმა იყო], მაგრამ მიმსგავსება ერთია და კვლევა სხვა“, - თქვა ასმათ მატუშევსკაიამ.
„გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი“?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 17 თებერვალს გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაში წერს:
- „საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია“;
- „წერილობით დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება ან ამგვარი ზეპირი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს“;
- „ბრალდების პოზიციას, რომ თითქოს „ქართუ ბანკის“ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი ბაჩიაშვილის კომპანიის მიმართ ივანიშვილის ინვესტიცია იყო, ადასტურებენ მხოლოდ ივანიშვილი, მისი ხელქვეითები. მათი ჩვენებები, ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვით, მაღალ ნდობას ვერ დაიმსახურებს“;
- „როგორი დე ფაქტო ურთიერთობებიც არ უნდა ყოფილიყო და არის ივანიშვილსა და „მის“ ბანკს შორის, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა წიქვაძემ სასამართლოში განაცხადა, ივანიშვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ბანკის ქონება ივანიშვილის ქონებაა. „ქართუ ბანკი“, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბანკი საქართველოში სააქციო საზოგადოების ფორმით არის დაფუძნებული. იმ დროს და დღესაც მოქმედი კანონმდებლობით სააქციო საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათ საკუთრებაში არსებული აქციებით და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. მაშასადამე, საკუთრება 5 მილიონ აშშ დოლარზე „ქართუ ბანკს“ ჰქონდა და არა ივანიშვილს“.
ფორუმი