Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„აქ არ გახსნა“ - უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა - იაპონური მედია

„აქ არ გახსნა“ - უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა - იაპონური მედია


იაპონური მედიის ცნობით, უტა ივანიშვილს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედია, დაგეხმარება“.
იაპონური მედიის ცნობით, უტა ივანიშვილს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედია, დაგეხმარება“.

იაპონური საგამოძიებო მედია „ბუნშუნი“ (Shūkan Bunshun) იუწყება, რომ საქართველოს მოქმედი ელჩი იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ტოკიოში შეხვდა მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს, - და შავი ჩემოდანი გადასცა, სიტყვებით: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“.

„ბუნშუნი“ ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონამდე იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3,6 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა.

სტატია იწყება ცნობით, რომ გამოცემამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი იაპონიაში, ტოკიოში ცხოვრობს. სტატიაში ასევე წერია, რომ უტა ივანიშვილმა მამის აშშ-ის მიერ სანქცირებიდან რამდენიმე დღეში იაპონიიდან საქართველოში დააფუძნა ახალი კომპანია „ატუ ჰოლდინგი“.

გამოცემის თანახმად, „ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა“, რომ უტა ივანიშვილი „საიდუმლო შეხვედრებს“ მართავს იაპონიაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ ლეჟავასთან.

გამოცემა წერს, რომ მისმა რეპორტიორმა 24 იანვარს შენიშნა თეიმურაზ ლეჟავა და უტა ივანიშვილი ტოკიოში, შინჯუკუს რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემის თანახმად, მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლეჟავამ ივანიშვილს ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“.

გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია.

„ბუნშუნის“ ცნობით, უტა ივანიშვილი მისთვის ლეჟავას მიერ გადაცემული ჩანთით ხელში
„ბუნშუნის“ ცნობით, უტა ივანიშვილი მისთვის ლეჟავას მიერ გადაცემული ჩანთით ხელში

რადიო თავისუფლება ფეისბუკზე დაუკავშირდა ელჩ თეიმურაზ ლეჟავას ამ ამბავზე კითხვით, რა იდო ჩემოდანში? მის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

6 თებერვალს თეიმურაზ ლეჟავამ, რომელსაც პლატფორმა X-ზე 350 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ქუჩაში მდგარს სახეზე გამოცემა Bunshun-ის სწორედ ის ნომერი აქვს აფარებული, რომელშიც მისი და უტა ივანიშვილის შეხვედრაზეა საუბარი.

გამოცემა სტატიაში ახსენებს ქართულ კერძს, შქმერულს, - წერს, რომ იაპონიაში საქართველო ტრადიციული სამზარეულოთი - მათ შორის შქმერულით - არის ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში პრორუსი დიქტატორის გამო ექცევა. ლეჟავამ 6 თებერვალს X-ზე შქმერულის ვიდეოც გააზიარა.

იაპონური მედიის ჟურნალისტური გამოძიება ქართულ ენაზე თავდაპირველად „სტუდია მონიტორმა“ გამოაქვეყნა.

2024 წლის 5 დეკემბერს ელჩი ლეჟავა ამბობდა, რომ „საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგება“. ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა გამოცხადებული, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს - რასაც მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა, რომელიც 71-ე დღეა, გრძელდება.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების ნაწილი საქართველოში გადმოიტანა. ივანიშვილს აშშ-მა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა, მისმა ოჯახმა კი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გადმოტანისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს დაიწყო.

სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“, რომელმაც ამ საკითხზე კვლევა მოამზადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG