Accessibility links

თვალსაზრისი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
არის თუ არა ტრამპი ივანიშვილის იდეური მოკავშირე?

არის თუ არა ტრამპი ივანიშვილის იდეური მოკავშირე?


გია ნოდია
გია ნოდია

ბიძინა ივანიშვილს დონალდ ტრამპის იმედი აქვს. „ოცნების“ მოლაპარაკე თავებმა ეს იმედი ძირითად საგარეო-პოლიტიკურ გზავნილად აქციეს. მათ მიხედვით, ივანიშვილს და ტრამპს საერთო მტერი ჰყავთ - მრავალთავიანი დრაკონი სახელად „დიპ სტეიტი“ (იგივე „გლობალური ომის პარტია“). ისინი მას ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დაამარცხებენ, რის შემდეგაც ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად.

ჯერჯერობით, ტრამპს არაფრით გამოუმჟღავნებია, რომ ივანიშვილს იდეურ მოკავშირედ აღიარებს. აქაც შეიძლება „დიპ სტეიტის“ ხელი ერიოს - მან ტრამპს თავისი აგენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუგზავნა. მაგრამ ეს დროებითია, ივანიშვილის თანამებრძოლები ყველა წინააღმდეგობას გადალახავენ და ტრამპამდე სიმართლეს მიიტანენ. ამის შემდეგ გველეშაპს აღარაფერი ეშველება. ჭირი იქა, ლხინი აქა.

ეს ზღაპარია. მაგრამ იქნებ მასში არის ჭეშმარიტების მარცვალი?

იქნებ, თავისი ღირებულებებით, სამყაროს ხედვით აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მართლაც უფრო ახლოსაა ივანიშვილთან და მის ნაზირ-ვეზირებთან, ვიდრე მათთან, ვინც რუსთაველზე დგას და საქართველოს და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს? განა ტრამპის ბრძანებით არ დაიხურა (ჯერ არ ვიცით, დროებით თუ არა) ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც, ივანიშვილის ხედვით, საქართველოში მის წინააღმდეგ რევოლუციას აფინანსებდა? იქნებ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა რაღაცებს კი აზვიადებს, მაგრამ ამოსავალი ხედვა სწორი აქვს: არსებითად, ტრამპი მართლაც ივანიშვილის იდეური მოკავშირეა?

ტრამპის „მაგა” = ივანიშვილის „ქართული ოცნება”?

წარმოდგენას იმაზე, რომ ტრამპი ივანიშვილის სულიერი ძმაა, მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდა არ ამკვიდრებს. ამის საქართველოში ბევრ პროდასავლელ ლიბერალსაც სჯერა.

ეს რწმენა ეხმაურება დასავლეთის ლიბერალურ წრეებში ფესვგადგმულ ხედვას, რომლის თანახმად, დღევანდელი სამყარო განისაზღვრება ბრძოლით, ერთი მხრივ, პროგრესის ძალებს, მეორე მხრივ კი - მემარჯვენე პოპულიზმს შორის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებას წარმოადგენს ტრამპი და მისი „მაგა“ მოძრაობა, საქართველოში კი - ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. სხვა ქვეყანაში ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან ვლადიმირ პუტინი, ვიქტორ ორბანი, მარინ ლე პენი.

ამ ხედვაში არის ჭეშმარიტების მარცვალი. ყველა ეს პოლიტიკოსი უპირისპირდება მსოფლმხედველობას, რომელსაც „ლიბერალიზმს“ ეძახის. ხანდახან ისინი ერთმანეთის მიმართ სოლიდარობასაც გამოხატავენ.

თუ ამას დავიჯერებთ, გამოვა, რომ „“ოცნების პროპაგანდისტები და ქართველი ლიბერალები ობიექტურ ვითარებას მსგავსად ხედავენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, ამ გლობალურ დაპირისპირებაში ვინ რომელ მხარეს დგას.


მარტივი სქემები არ მუშაობს

მარტივი მანიქეველური სქემები, სადაც კეთილი და ბოროტი მკაფიოდაა ერთმანეთისგან გამიჯნული, მომხიბლავია, მაგრამ რეალური ცხოვრება მათში ვერ ეტევა.

ხანდახან მართლა ცხადია, საითაა სიკეთე და საით - ბოროტება. ასეთი შემთხვევაა, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი.

ჩემი აზრით, იგივე ითქმის დღევანდელ საქართველოში არსებულ დაპირისპირებაზეც: ქვეყნის პატრიოტები ებრძვიან კაცს, რომელიც ამ ქვეყნის მიტაცებას ცდილობს და თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის.

მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ცხოვრება რთულია.

ტრამპის აღზევება ამერიკულ დემოკრატიაში მიმდინარე კომპლექსური პროცესების გამოხატულებაა. ათი წლის წინ ძნელი იყო წარმოდგენა, რომ ასეთ ექსტრავაგანტურ პიროვნებას ორჯერ აირჩევდნენ პრეზიდენტად.

მაგრამ ეს მოხდა და ამას თავის მიზეზები აქვს. ტრამპის ფენომენის გასაგებად უნდა ამოვიდეთ არა მისი ხასიათის დეფექტებიდან, რომელთაც ბევრი მისი მომხრეც აღიარებს, არამედ დავინახოთ კონტექსტი, რამაც ტრამპის ფენომენი შესაძლებელი გახადა.

„ვოუქიზმი“ და მისი მტრები

ტრამპი და მისი მომხრეები, უპირველეს ყოვლისა, საპროტესტო მოძრაობაა. როგორც ყველანაირი პოპულიზმი, ისიც გამოხატავს საზოგადოების ჯანყს ელიტების წინააღმდეგ.

ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ: კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს ჯანყი?

ამერიკის შემთხვევაში ტენდენციების ერთობლიობას, რასაც ტრამპისტული რეაქცია მოჰყვა, ბოლო ხანებში ხშირად „ვოუქიზმს“ უწოდებენ (თუმცა სიტყვა უფრო ახალია, ვიდრე თავად მოვლენა).

გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა, რომ ტრამპი ხელისუფლებაში, უპირველეს ყოვლისა, ვოუქიზმის მიმართ წინააღმდეგობამ მოიყვანა. სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგრამ ეს, სულ მცირე, ყველაზე თვალსაჩინოა.

რა არის „ვოუქიზმი”? მაქსიმალურად მოკლედ შევეცდები ამის განმარტებას.

თავად სიტყვა woke „გამოღვიძებულს“ ნიშნავს. ის მიეყენება უკიდურესად მემარცხენე მოძრაობებს, რომელთა ძირითადი პათოსია „სოციალური სამართლიანობა“ გაგებული ე.წ. იდენტობის პოლიტიკის ჭრილში.

ვოუქიზმი ადამიანებს ყოფს ჩაგრულებად და მჩაგვრელებად; ოღონდ ის ამ ორს ასხვავებს იდენტობის მყარი ნიშნებით, როგორიცაა რასა, სქესი (ან გენდერი), რელიგიური ტრადიცია, ყოფილი კოლონიური ერის წარმომადგენლობა და ა.შ. მაგალითად, თეთრკანიანი ადამიანი ავტომატურად მჩაგვრელადაა მიჩნეული შავ- თუ ფერადკანიანების მიმართ, მამაკაცი - ქალის მიმართ.

ვოუქიზმის საწყისი იმპულსი შეიძლება სიმპათიას იმსახურებდეს: ჩაგრული ადამიანები თუ ჯგუფები არსებობენ და მათი დაცვა საჭირო და გამართლებულია.

მაგრამ ძირითადი, რამაც მის წინააღმდეგ ბუნებრივი და სამართლიანი რეაქცია გამოიწვია, არის მორალური აბსოლუტიზმი და სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ.

მას ხშირად ადარებენ რელიგიურ მოძრაობებს, განსაკუთრებით პროტესტანტულ სექტებს, რომლებიც ამერიკის შექმნის პერიოდში „კუდიანებზე ნადირობით“ იყვნენ ცნობილი.

ამის ახალ გამოხატულებად იქცა ე.წ. გაუქმების კულტურა (cancel culture), ანუ იმ ადამიანების საზოგადოებიდან მოკვეთა, ვინც ვოუქისტურ იდეოლოგიურ დოგმებს არ ეთანხმება.

ვოუქიზმმა ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, გამოხატვის თავისუფლება, უარყო როგორც მჩაგვრელთა იარაღი. მისი შეზღუდვები მეტად ეფექტიანი აღმოჩნდა: ბევრი ადამიანისთვის „გაუქმება“ სამსახურის დაკარგვას და პროფესიული კარიერის დანგრევას ნიშნავდა; გაცილებით მეტმა თვითცენზურა არჩია.

ნებისმიერი, ვინც „ვოუქიზმის“ შემოთავაზებულ დოგმებს თუნდაც მცირედით გადაუხვევდა, მყისვე „ფაშისტად“ ცხადდებოდა. ამ კატეგორიაში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ ტრადიციული კონსერვატორები, არამედ ზომიერი და კრიტიკულად მოაზროვნე მემარცხენეებიც.

ეს მოგვაგონებდა 1930-იანი წლების გერმანიას, როდესაც კომუნისტები სოციალ-დემოკრატებს „სოციალურ ფაშისტებს“ უწოდებდნენ (რითაც ჰიტლერსაც გაუადვილეს ხელისუფლებაში მოსვლა).

ისე ჩანდა, რომ ვოუქიზმი სულ უფრო ძლიერდებოდა. ის თითქმის გაბატონდა უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ყველაზე ელიტურში; წამყვანი ბიზნესკორპორაციები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მისი ერთგულების დემონსტრირებაში.

ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ვოუქიზმი ამერიკის დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიად იქცა; მაგრამ ის მის პოლიტიკაზე არსებით გავლენას ახდენდა.

2020-ში დემოკრატიულმა პარტიამ ჯო ბაიდენი იმიტომ აირჩია თავის ფალავნად, რომ ის ზომიერ, ტრადიციულ (ანუ არავოუქისტურ) ლიბერალიზმს წარმოადგენდა და ამის გამო ტრამპის დამარცხების უკეთესი შანსი ჰქონდა. ამ ანგარიშმა გაამართლა.

მაგრამ არჩევის შემდეგ ბაიდენმა ვერ შეძლო ვოუქისტური იდეოლოგიისგან დისტანცირება. მაგალითად, ის წინ ვერ აღუდგა წარმოდგენას, რომ საზღვრების კონტროლი და იმიგრაციის შეზღუდვა იგივე რასიზმია. ამას მოჰყვა უკანონო იმიგრაციის აფეთქება, რაც 2024 წლის არჩევნების ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა.
ამ არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, სცადა, თავი ზომიერ პოლიტიკოსად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა არ დაუჯერა. მან ვოუქისტური შლეიფი ვერ მოიცილა.

ეს ყველაფერი ტრამპმა წარმატებით გამოიყენა თავის სასარგებლოდ. მან შეძლო, თავი ნორმალურობასთან, საღ აზრთან დაბრუნების კანდიდატად წარმოეჩინა. მოწინააღმდეგეები მას ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხედ აცხადებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა დემოკრატიის უფრო დიდ საფრთხედ ვოუქიზმი ჩათვალა.

რატომ არ არის ტრამპი ბიძინას კაცი

რა გამომდინარეობს ყოველივე აქედან ჩვენთვის?

ტრამპი არაორდინარული, წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ჯერ ვერავინ იტყვის, კონკრეტულად რას მოუტანს მისი მმართველობა ამერიკას და მსოფლიოს. ტრამპის გარემოცვაში და მის მხარდამჭერებს შორის ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან. მათგან ზოგიერთი თავიანთი მსოფლმხედველობით და პიროვნული მახასიათებლებით შეიძლება ჩვენს „ქოცებს“ მოგვაგონებდეს.

მაგრამ საკმაოდ ბევრია ისეთიც, ვინც ამერიკის ტრადიციული ლიბერალური ღირებულებების ერთგულია და ტრამპის გვერდით იმიტომ აღმოჩნდა, რომ მასში „ვოუქიზმისგან“ ეფექტიანი დამცველი დაინახა.
მიზეზთა ერთობლიობას, რამაც ტრამპი ამერიკის სათავეში მეორედ მოიყვანა, პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო საქართველოს ვითარებასთან. საქართველოში არასოდეს ყოფილა ამერიკული ვოუქიზმის მსგავსი გავლენიანი მოძრაობა. ტრამპთან და ტრამპიზმთან მსგავსებები არსებობს, მაგრამ ისინი ზედაპირულია, განსხვავებები კი - გაცილებით უფრო არსებითი.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG