Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რას ნიშნავს კიევისთვის აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომზე

რას ნიშნავს კიევისთვის აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

მიუნხენის კონფერენციამდე ორი დღით ადრე, 12 თებერვალს, რამდენიმე საათის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადგა თავისი პირველი მნიშვნელოვანი საჯარო ნაბიჯები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ დაპირების შესასრულებლად და სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პუტინმა მიიღო ის, რაც სურდა, ზელენსკიმ და ევროპამ კი - არა.

პუტინისთვის ეს ზარი ნიშნავდა დიდი ხნის სურვილის ასრულებას - პირდაპირ მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების ლიდერთან. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის ომის კონტექსტი. აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა კიევისთვის გადამწყვეტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისგან თავდასაცავად, რომელიც სამწლიან ნიშნულს მიაღწევს 24 თებერვალს.

მეტიც, ტრამპის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები „დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს“ ომის დასრულებაზე. პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ საკითხში მთავარი თანამოსაუბრეები რუსეთი და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ და უცდია ზელენსკის დისკრედიტაცია. ის, სავარაუდოდ, კმაყოფილი უნდა იყოს მოლაპარაკებებისათვის ორმხრივი ხასიათის მიცემით.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან დაურეკა ზელენსკის პუტინთან „უაღრესად პროდუქტიული“ საუბრის შემდეგ, თუმცა არ უთქვამს, რომ უკრაინა თანაბარი მონაწილე იქნებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებში.

ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს კიევის შიშს, რომ მასზე შეიძლება ზეწოლა მოახდინონ უკრაინისათვის არახელსაყრელი სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღებად. შეთანხმებისა, რომელიც უპირატესობას მისცემს მოსკოვს და უკრაინას დაუცველს დატოვებს რუსეთის შემდგომი აგრესიისაგან.

ამ შეშფოთებას ვერ შეამსუბუქებს ტრამპის შენიშვნა, რომელიც მან მოგვიანებით გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით: „ვფიქრობ, მათ მშვიდობა უნდა დაამყარონ. მათ ხალხს ხოცავენ“.

რეალურად რა მოხდება, გაურკვეველია, მაგრამ ორი ზარის ანალიზი მიგვანიშნებს გადახვევას ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომისგან, რომ დიდი გადაწყვეტილებები არ შეიძლება იყოს მიღებული უკრაინის გარეშე.

ტრამპთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ერთობლივი მოქმედების იდეას, გამოთქვა „მზადყოფნა, ვიმუშაოთ ერთად გუნდურ დონეზე“ და თქვა, რომ უკრაინა „დაადგენს ჩვენს საერთო ნაბიჯებს ამერიკასთან ერთად რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიის მისაღებად“.

„არაფერი არ უნდა განიხილონ უკრაინაზე უკრაინის გარეშე ან ევროპაზე ევროპის გარეშე“, - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ ფრანგულ გაზეთ Le Monde-ს 13 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ევროკავშირის ძირითადი წევრებისა და ნატოს მოკავშირეების (მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება აჩვენებს, რომ ევროპა შეშფოთებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთზე ფოკუსით. „უკრაინა და ევროპა უნდა წარმოადგენდნენ ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილს“, - ნათქვამია მათ მიმართვაში.

„შემდეგი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს დაწესებული თავსმოხვეული მშვიდობა“, - თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Politico-ს მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

„ორმა მაგარმა ბიჭმა, პუტინმა და ტრამპმა, ახლახან ისაუბრეს. ამაზე ევროკავშირში უნდა ინერვიულონ“, - წერს X-ზე ალექსანდრა პროკოპენკო, კარნეგი რუსეთის ევრაზიის ცენტრის თანამშრომელი ბერლინში. „კრემლის პერსპექტივიდან, დასავლური კოალიცია ჩავარდება, თუ მას ყველაზე დიდი მოთამაშე გამოეთიშება“.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ომის დასრულების მცდელობების კონტურები შესაძლოა უფრო ნათელი გახდეს 14-16 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, რომელსაც ზელენსკი და მრავალი მაღალი რანგის ამერიკელი და ევროპელი ჩინოსანი ესწრება, მათ შორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კით კელოგი.

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის კულუარებში ჰეგსეთმა თქვა, რომ ტრამპის გეგმა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ „რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს კიევის ღალატს“ და, რომ მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობის მიღწევა „მოითხოვს ორივე მხარემ აღიაროს ის, რაც არ უნდათ“.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ კომპრომისებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ რუსეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკაც გამოიყენეს და დამატებითი სანქციებით და სხვა პრობლემებით დაემუქრნენ, თუ ის წინააღმდეგობას გაუწევს მშვიდობისკენ სწრაფვას.

პირველი უმაღლესი დონის სატელეფონო საუბრების შემდეგ არ გამოჩენილა რაიმე ნიშანი, რომ რუსეთი, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს, - კიევი კი რუსული მიწის გაცილებით მცირე ნაწილს ფლობს, - ამჟამად ზეწოლის ქვეშ რაიმე კონკრეტულ დათმობებზე წავიდეს.

მეორე მხრივ კი, უკრაინამ აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მკაფიოდ მოისმინა, რომ მას მოუწევს უარი თქვას ზოგიერთ მთავარ მიზანზე, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მაინც.

ჰეგსეთმა თქვა, რომ „არარეალურია“ მოლოდინი, რომ უკრაინის საზღვრები დაუბრუნდეს 2014 წლამდე არსებულ ნიშნულს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული და ომი წამოიწყო დონბასში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის ეროვნულ საზღვრებს.

ჰეგსეთმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი არცერთი სამშვიდობო შეთანხმების თანახმად არ განათავსებს ჯარებს უკრაინაში; რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება თეთრი სახლის მიერ არ განიხილება როგორც კონფლიქტის მოგვარების ნაწილი; და რომ აშშ-ის ძალები უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი არ იქნებიან.

გასულ ივლისში ჩატარებულ სამიტზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო, ნატომ პირობა დადო, რომ „გააგრძელებს [უკრაინის] მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“.

ტრამპმა (12 თებერვალს) ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იქნება „პრაქტიკული“.

"პუტინის მოთმინებამ შედეგი გამოიღო"

ამერიკის შეერთებული შტატების არცერთი განცხადება არ ყოფილა განსაკუთრებით გასაკვირი, მაგრამ უკრაინა ნატოში სწრაფ გაწევრიანებას ცდილობს. კიევმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების გადამწყვეტი ნაწილი უნდა იყოს და ითხოვდა აშშ-ის ჩართულობას, თუ დასავლური ძალები განლაგდებიან ნებისმიერი ზავის დასაცავად.

„პუტინის მოთმინებამ შედეგი გამოიღო“, - წერს X-ზე ტატიანა სტანოვაია, ანალიტიკური ფირმის R.Politik-ის დამფუძნებელი. „რუსეთის დიპლომატიური და უსაფრთხოების წრეების ბევრი მაღალი დონის ფიგურა სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული იყო ტრამპისა და მისი გუნდის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული თავდაპირველი განცხადებებითა და მიდგომებით. ტრამპის „გეგმები“ არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ აშკარად მტრული ჩანდა. მიუხედავად ამისა, პუტინმა აირჩია მოთმინება და სტაბილურად მუშაობდა ტრამპის კეთილგანწყობის გამოსამუშავებლად - იყო მომთმენი, გამოიჩინა მოქნილობა და აჩვენა, რომ მზადაა კომპრომისისათვის. ახლა მან მიიღო პირველი ნაბიჯი: არსებითი მოლაპარაკებების დაწყება“.

სტანოვაიამ თქვა, რომ ის „ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ მოლაპარაკებების პერსპექტივებს“.

„ტრამპს სურს ცეცხლის შეწყვეტა და რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც უკრაინის საკითხს გარკვეული ხნით გვერდით გადადებს. მაგრამ მისი ხედვა მაინც რადიკალურად განსხვავდება პუტინისგან“, - წერს იგი. „პუტინისთვის რეალური გამოსავალი ნიშნავს უკრაინას, რომელიც არის რუსეთისადმი „მეგობრული“ - მოკლებულია სამხედრო შესაძლებლობებს, შეცვლილი აქვს კონსტიტუცია და გარანტირებულია მისი ნატოში არგაწევრიანება“.

„არ დაუშვათ შეცდომა - პუტინი სრულად არის მზად ამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის“, - დასძინა სტანოვაიამ. „კრემლის პერსპექტივიდან, დასავლეთს არაფერი შეუძლია გააკეთოს, რაც შეაბრუნებს რუსეთის ტერიტორიულ მიღწევებს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დაშლას აღკვეთს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG