მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ოფიციალური განცხადება გაკეთდება და არაერთი მაღალი დონის დისკუსია გაიმართება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები - უკრაინის მომავლის შესახებ - კულუარებში შედგება.
კონფერენციამდე ბევრს მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, წარადგენს თუ არა ბავარიის დედაქალაქში სამშვიდობო გეგმას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი.
კელოგმა AP-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ყველა შესაძლო მოლაპარაკების დეტალებს აზუსტებს. „როდესაც მიუნხენიდან დავბრუნდებით, გვინდა პრეზიდენტს მივაწოდოთ ვარიანტები. ამგვარად, როდესაც ის [პირდაპირ] ჩაერთვება სამშვიდობო პროცესში, ეცოდინება, თუ როგორი სახე ექნება ამას“.
მოლაპარაკებები ფორმას იძენს
როგორც ერთმა ევროპელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, სავარაუდოა, რომ „მიუნხენში შეთანხმების გარკვეულ კონტურებს ან ვრცელ შტრიხებს მოხაზავენ“, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი შეხვდებიან კელოგს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს.
შესაძლოა უკრაინამ მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, რომლებიც ასევე ესწრებიან კონფერენციას. ომის განხილვა რამდენიმე ევროპელ ლიდერსაც სურს. ამ ვალენტინობას, როგორც ჩანს, უამრავი დიპლომატიური პაემანი მოეწყობა.
რა გამოვა მოლაპარაკებებიდან, ჯერაც გასარკვევია, მაგრამ დიპლომატები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი რაღაც ფორმით გაიყინება, კიევი კი დროებით მაინც შეეგუება ტერიტორიის დაკარგვას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანება გამორიცხეს ნატოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა. უფრო რეალისტურ ვარიანტად განიხილება კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების გაზრდა.
კელოგმა მანამდე ილაპარაკა უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე, რაც ამჟამად, საომარი მდგომარეობის პირობებში, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია. ტრამპმა ცოტა ხნის წინ ახსენა, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათი მიწის მინერალების საბადოებზე - „როგორც კომპენსაცია იმ ასობით მილიარდისთვის, რომელიც აშშ-მა დახარჯა კიევის დასახმარებლად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ“.
თუმცა, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ისურვებს კრემლი დასავლელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმების დადებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღიაა შეერთებულ შტატებთან სასაუბროდ, კრემლს შესაძლოა ახლა ნაკლებად სურდეს კომპრომისებზე წასვლა, რადგან მიიჩნევს, რომ ბრძოლაში უპირატესობა აქვს.
ღაზის მძევლების საკითხი
უკრაინის გარდა, მიუნხენში ბევრი ლიდერი ასევე ყურადღებით და ნერვიულად ადევნებს თვალს ღაზას, რადგან ჰამასის ტყვეობიდან ისრაელელი მძევლების დაბრუნების ბოლო ვადა 15 თებერვალს შუადღეს დგება - ზუსტად კონფერენციის შუაში. ტრამპმა ადრე განაცხადა, თუ მძევლები არ გაათავისუფლეს, „ჯოჯოხეთი დატრიალდებაო“.
ასევე, მიუნხენის კონფერენციის ფონია გერმანიის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამ შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. ამჟამინდელი მემარცხენე-ცენტრისტი კანცლერი, ოლაფ შოლცი და მისი სავარაუდო მემკვიდრე, მემარჯვენე-ცენტრისტების ლიდერი, ფრიდრიხ მერცი, სიხარულით უმასპინძლებენ ბავარიაში უცხოელ მაღალჩინოსნებს.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი არაერთხელ გააკრიტიკებენ ერთმანეთს, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება დიდი კოალიცია მათ პარტიებს შორის.
ანტიმიგრანტული, პრორუსული „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც არჩევნებში, სავარაუდოდ, მეორე ადგილს დაიკავებს, შეკრებაზე არ მოუწვევიათ, ისევე, როგორც პოპულისტური მემარცხენე „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“, რომელსაც მსგავსი შეხედულებები აქვს და, სავარაუდოდ, პირველად შევა ბუნდესტაგში. მოსალოდნელია, რომ ისინი ერთად მიიღებენ ხმების მეოთხედზე მეტს, რადგან პოპულიზმის ქარები გერმანიაშიც ქრის.
ფორუმი