Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს - ადვოკატი

ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს - ადვოკატი


გიორგი მდინარაძე, ბექა ჯაიანის ადვოკატი
გიორგი მდინარაძე, ბექა ჯაიანის ადვოკატი

დღეს, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო სხდომა.

როგორც ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილის გარდა.

ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ის ასევე არ აღიარებს სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას.

"ჩვენ უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები, რადგან ეს მტკიცებულებები, დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ ადასტურებს ამ ნაწილში წარმოდგენილ ბრალდებას, რასაც ჩვენ ვდავობთ. სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებთ ყველაფერს. გვჯერა, რომ ამ ნაწილში ბექა ჯაიანი გამართლდება. იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, "სამართლებრივი შეფასების საკითხია" პროკურორის მტკიცება, რომ სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და აბრამიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაზეც მოწმეები მიუთითებენ ჩვენებაში.

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს, მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ ოთხი ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო. ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს, ამიტომ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ჭრილობები იმისთვის იყო მიყენებული, რომ ის ტანჯვით მოეკლა, ასეთი განზრახვა ბექა ჯაიანს არ ჰქონია. სისტემატურ ძალადობას პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება, როგორ დაადასტურებს ბრალდების მხარე ამას, როცა პირი გარდაცვლილია", - განაცხადა მდინარაძემ.

მკვლელობის მოტივზე საუბრისას ჯაიანის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "შანტაჟის შეეშინდა".

"შანტაჟის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია. მტკიცებულებებს დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებ", - განაცხადა მდინარაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. როგორც საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა დანის გამოყენებით, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

"ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია", - თქვა პროკურორმა და დაამატა, რომ შესაბამისად სასამართლოზე დაკითხავენ ექსპერტიზის დასკვნის გამცემ ექსპერტს.

გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, საქმეში ასევე დევს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

"მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები", - უთხრა მედიას გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ბექა ჯაიანს გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით ჩადენილი დანაშაულია.

მოგვიანებით ამას კიდევ ერთი, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით ჩადენილი დანაშაული დაემატა.

დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

ბექა ჯაიანმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაიარა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის შედეგიც 22 ნოემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად შერაცხადია და მკვლელობის ჩადენის მომენტში ის „შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს თავის ბინაში იპოვეს მოკლული.

როგორც გამოძიება აცხადებს, ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:10 საათზე მივიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ კაცმა ქალს ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს უთანხმოება მოუვიდათ და დაშორდნენ. მკვლელობის დღეს, 15:50 საათზე კი, ბრალდებულმა გასაშლელი დანა შეიძინა და მასთან შეხვედრა „განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით“ გადაწყვიტა.

მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის კაცი სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს დააკავეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ბექა ჯაიანი მაშინ დააკავეს, როდესაც აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG