Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მარწმუნებდა, მეღიარებინა დანაშაული - ადვოკატი გამყრელიძე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ჯავახიშვილს ციხეში შეხვდა

მარწმუნებდა, მეღიარებინა დანაშაული - ადვოკატი გამყრელიძე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ჯავახიშვილს ციხეში შეხვდა


მარცხნიდან მარჯვნივ: დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გუჯა ავსაჯანიშვილი
მარცხნიდან მარჯვნივ: დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გუჯა ავსაჯანიშვილი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებული 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში, ისე, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონია, შეხვდა ადვოკატი დავით გამყრელიძე და არწმუნებდა, დანაშაული ეღიარებინა. ადვოკატი დავით გამყრელიძე ჯავახიშვილის მონახულებას ადასტურებს, საპროცესოს შეთავაზებას უარყოფს და აქციების დროს დაკავებულების საქმეების იურისტებს პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

„მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევა)და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემა დაცვის ქვეშმყოფმა მაქვს მტკიცებულებაც“, - დაწერა ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეში“ ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა და გაასაჯაროვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელით დაწერილი წერილი.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი, რომელიც 19 თებერვლით თარიღდება
ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი, რომელიც 19 თებერვლით თარიღდება

ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერს, რომ ადვოკატი დავით გამყრელიძე მას 7 თებერვალს ესტუმრა და არა მხოლოდ დანაშაულის აღიარება, არამედ „სხვებისთვის ხელის დადება“ ურჩია.

„ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი, გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ამ ადამიანს, ან რა განზრახვა ამოძრავებდა“, - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 30 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა პიროტექნიკის სროლას ედავება. ნიკოლოზი დიჯეია, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საქმის მიმდინარეობისას დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბიჭი, რომელსაც ყავისფერი პლედი და საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული, გარბის პიროტექნიკით ხელში და ისვრის მას. პროკურორის მტკიცებით, სწორედ ისაა ჯავახიშვილი. ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მტკიცების სტანდარტს ვერ უძლებს, რთულია იდენტიფიცირება და არ არის სრული.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის თქმით, მეშვიდე დღეა შიმშილობს და ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც 30 დღეა ასევე შიმშილობს. მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ის ერთხელ უკვე შიმშილობდა ჯგუფურ ძალადობაში კიდევ ერთ ბრალდებულ, რევაზ კიკნაძესთან ერთად, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.

ადვოკატი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრა მას სთხოვა პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის მსჯავრდადებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა. ის უარყოფს, რომ დაკავებულ ჯავახიშვილს საპროცესო შესთავაზა, თუმცა ადასტურებს, რომ დანაშაულის აღიარება ურჩია.

„ომარ ოკრიბელაშვილი მთხოვდა მას შევხვედროდი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. მე არავის არაფერს ვთავაზობდი, საპროცესო შეთანხმებას დაცვის მხარე და ბრალდებული იხვეწებიან ხოლმე, როცა საქმე ბოლოში გადის და 5-6 წელი ემუქრებათ. მე ვურჩიე, რა არის ამ საქმეზე სწორი სამართლებრივი გზა. მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი საპროცესოს დახმარებით 6 წელს ასცდნენ და 9 თვეში გარეთ გამოვლენ. მითხარით ადვოკატი, რომელმაც იგივე შედეგს მიაღწია. ამ საქმეებზე ადვოკატები პოლიტიზებულები არიან, მაგრამ ჩვენ საქმე სამართლის წესებით უნდა წარვმართოთ“, - უთხრა დავით გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას.

დავით გამყრელიძე მედიის ყურადღების ცენტრი გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილის საქმეში ადვოკატად ჩართვის შემდეგ მოექცა. იქამდე ოკრიბელაშვილის უფლებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე იცავდა.

საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, ომარ ოკრიბელაშვილს და 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულ საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, მათ ბრალი აღიარეს – წარდგენილი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმნენ მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.

„მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაწერა, რომ, მათი ინფორმაციით, დავით გამყრელიძე დაპატიმრებული იყო და 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ ის სწორედ იმ საკანში შეასახლა, სადაც ომარ ოკრიბელაშვილი იყო მოთავსებული.

„ადვოკატი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ციხიდან ომარ ოკრიბელაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი გამოიტანა, რომ ის შოთა თუთბერიძეს აცილებას აძლევდა“, - დაწერა „მთის ამბებმა“.

ადვოკატმა რადიო თავისუფლებასთან ეს ინფორმაცია უარყო და დაამატა: „მართალიც რომ იყოს, ეს პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა და სისხლის სამართლის დანაშაულია”.

დავით გამყრელიძის თქმით, ციხეში ნიკოლოზ ჯავახიშვილის თანხმობით შევიდა, წერილი კი, რომელშიც ის ზეწოლაზე საუბრობს, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა „ზეწოლით დააწერინა“:

„ნიკოლოზმა მითხრა, რომ მას პრობლემა არ აქვს აღიარების, რომ გაისროლა. ჩვენი ინტერესი ამ ბიჭების გარეთ გამოყვანაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვლენ გარეთ - აღიარებით თუ არაღიარებით, ვაჟკაცურია თუ არა - მთავარია გარეთ გამოვიდნენ“, - ამბობს გამყრელიძე და ამატებს, რომ არ იცოდა, ნიკოლოზ ჯავახიშვილს ადვოკატი თუ ჰყავდა.

მან რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ აღარ აპირებს ნიკოლოზ ჯავახიშვილს კიდევ შეხვდეს და დაელაპარაკოს. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი კი გეგმავს, ადვოკატების ეთიკის კოდექსის დარღვევის მოტივით მას ადვოკატთა ასოციაციაში უჩივლოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG