Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი - გასტროენტეროლოგი მზია ამაღლობელზე

მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი - გასტროენტეროლოგი მზია ამაღლობელზე


მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე. 14 იანვარი, 2025 წელი
მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე. 14 იანვარი, 2025 წელი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა ონლაინგამოცემების - "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა "დასაფიქრებელია, არ არის მარტივი". მისივე სიტყვებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს უფრო მძიმე იყო და კლინიკის ექიმებმა მისი დასტაბილურება შეძლეს.

"როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, იყო კიდევ უფრო მძიმე სავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა და ფაქტობრივად, ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები.

დღესდღეობით, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი კოლეგების დამსახურებაა, იმ კლინიკის, რომლებიც ადეკვატურად, დროულად და კარგად მკურნალობენ", - ამბობს ექიმი და აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობასაც აქვს საზღვარი.

"ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ ეს მოხმარება გარედან, რაც ადეკვატურია, აღარ იქნება საკმარისი. ანუ ადამიანი არ არის ისეთი მარტივი მექანიზმი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და შემდეგ იმან იმუშავოს. კი, შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, ის ვეღარ დავიჭიროთ. ძვრები ბევრნაირი, გულში, საჭმლის მომნელებენ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში, ყველა სისტემაში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდე სთანდათან", - ამბობს ექიმი.

მისივე განცხადებით, კოლეგები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუკი მზია ამაღლობელი შიმშილობას გააგრძელებს, ის უნდა დარჩეს კლინიკაში სამკურნალოდ.

"პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ იგი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში.

ოღონდ იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა, შემდეგ, თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ", - თქვა მან.

ექიმმა, ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კერძოს მისი თქმით, მას აქვს ძლიერი სისუსტე, თუმცა შეუძლია ნელი ტემპით გადაადგილება.

"საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ ძირითადი სასიცოცხლო ცვლილებები ჯერჯერობით დაწყებული არაა. მეტყველებს ჩვეულებრივად, სვენებ-სვენებით. მზია საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ქალია და ალბათ, უფრო ცოცხალი მეტყველება ექნებოდა ადრე, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულის უკმარისობა, ფილტვის უკმარისობა, ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომ რაღაც უკმარისობაზე იყოს ეჭვი, ჯერჯერობით დაწყევული არაა. ამის მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გვილიამ.

5 თებერვალს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

უწყების თანახმად, ამაღლობელმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, მზია ამაღლობელის სურვილია, რომ დღეს, ხელახალი გამოკვლევების შემდეგ, დააბრუნონ საპატიმროში.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG