„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს“, - აცხადებენ საელჩოები. საერთო განცხადების ტექსტი პირველად გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა X-ზე.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრები აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს ციხეში. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 30 იანვრისთვის „მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა".
„როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას“, - წერია განცხადებაში.
„ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში“, - აცხადებენ 14 ქვეყნის საელჩოები.
„მედიის თავისუფლების კოალიცია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან:
- ავსტრია,
- ჩეხეთი,
- დანია,
- ესტონეთი,
- საფრანგეთი,
- გერმანია,
- ლატვია,
- ლიეტუვა,
- ნიდერლანდი,
- ნორვეგია,
- შვედეთი,
- შვეიცარია,
- გაერთიანებული სამეფო,
- უკრაინა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას, მისთვის წაყენებულ ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ფორუმი