Accessibility links

მზია ამაღლობელის საქმე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მზია ამაღლობელზე

საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მზია ამაღლობელზე


„ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, - მაიკლ ო'ფლაჰერტი
„ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, - მაიკლ ო'ფლაჰერტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შეშფოთებულია „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.

„[საქართველოდან] უკიდურესად შეშფოთებული დავბრუნდი. ძალიან მადარდებს ის ჟურნალისტი, რომელიც საპატიმროში შიმშილობს“, - უთხრა კომისარმა ო'ფლაჰერტიმ სტრასბურგში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს, 30 იანვარს.

„ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, - აცხადებს იგი.

„ეს მხოლოდ თავისუფლების და პატიმრობის საკითხი არ არის – ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ამ უმძიმეს ვითარებაში საჭირო სისწრაფით იმოქმედებს“, - განაცხადა მან.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 30 იანვრისთვის „მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა".

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი 2025 წლის 21-23 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა.

მისი ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინტენსიური“ კომუნიკაცია შედგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

კომისარმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

მასთან ვრცელ ინტერვიუს რადიო თავისუფლება მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

29 იანვარს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, რომლებიც თვითნებურად დააკავეს. დემონსტრაციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები უნდა იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა მან.

  • მზია ამაღლობელი, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ციხეში მე-19 დღეა, შიმშილობს.
  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
  • საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
  • უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG