Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

კოლეგიის მიერ „ქართული ოცნების“ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმურობასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ ცნობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა ნათია თურნავა, რომელიც 2023 წლიდან პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

ზოგადი წესებით, სებ-ის პრეზიდენტს დასამტკიცებლად ეროვნული ბანკის საბჭო წარუდგენს ქვეყნის პრეზიდენტს.

სებ-ის პრესცენტრის ცნობით, თურნავას წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად „ერთხმად“ მიიღო.

ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2022 წლის ივნისიდან არის სებ-ის საბჭოს წევრი.

პროფესიით ეკონომისტ ნათია თურნავას წლების განმავლობაში მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე იყო სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის წესი და გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

2023 წლის სექტემბერში გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველიც.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, არ უზღუდავდა ფინანსურ რესურსებზე წვდომას. თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG