ჩინეთის ხელისუფლების მიერ დღეს, 4 თებერვალს, გამოცხადებული გადაწყვეტილებით, 10 თებერვლიდან აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობზე დაწესდება 10%-იანი საბაჟო გადასახადი, ხოლო ნახშირსა და თხევად ბუნებრივ გაზზე - 15%-იანი.
10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი.
დღესვე ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს საბაჟო ტარიფების ორმხრივი შეთანხმების გარეშე ამოქმედებისთვის უჩივლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ 4 თებერვლიდან 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.
ტრამპმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადისა და მექსიკის მიმართაც, თუმცა 3 თებერვალს, ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგად ტარიფების ამოქმედება 30 დღით შეაჩერა, მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრმა და მექსიკის პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად.
პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფების შემოღების მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვის და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა კანადას და მექსიკას ტარიფების ამოქმედება შეუჩერა, მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის თანაშემწეებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ის საუბარს აპირებს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც.
ფორუმი