ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით დარტყმის სამიზნე იყო ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონა, სადაც არაერთი ქარხანა მდებარეობს.
ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კსტოვოს სამრეწველო ზონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ნიკიტინს საწარმო და ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გავრცელებული და უკრაინული მედიით გაზიარებული ვიდეომასალების მიხედვით, სამრეწველო ზონის რაიონში ძლიერი ხანძარია.
ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქიმიური საწარმოები და თბოელექტროსადგური.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის მარტში.
ტვერის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოროპეცის რაიონში მოიგერიეს, სულ მცირე, 20 დრონის შეტევა.
ამ რაიონში განთავსებულია რუსეთის არმიის საბრძოლო მასალების ორი დიდი საწყობი. ერთ-ერთ ამ ობიექტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის სექტემბერში.
სულ მცირე, 26 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იუწყებოდა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი. მის ტელეგრამ-არხზე ღამის სამი საათისთვის გამოქვეყნებულ ცნობაში დამატებით მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ არავინ დაშავებულა და ტერიტორიის გამოკვლევა მიმდინარეობს.
დრონების მოგერიებას იუწყებოდნენ რუსეთის სხვა, მათ შორის როსტოვის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქების გუბერნატორებიც. დროებით დაიკეტა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 104 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 47 კურსკის ოლქში, 27 - ბრიანსკში, 11 - სმოლენსკის ოლქში, 7 - ტვერის ოლქში (გუბერნატორი 20-ს ასახელებდა), 4 - ბელგოროდში, 3 - ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, 3 - კალუგაში, 1 - როსტოვის ოლქში და 1 - ლენინგრადის ოლქში.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებისგან განსხვავებულია ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე დილით, თითქმის იმავე დროს გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში არა 27, არამედ 33 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი