Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს დაადასტურა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს დაადასტურა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა.

რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროთა თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქარხანა ეკუთვნის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის" სტრუქტურის ნაწილია.

რუსეთის ხელისუფლებას ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს დაადასტურა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით ორჯერ შეტევა, რამაც აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.

გენშტაბის განცხადებით, რიაზანის საწარმო რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა და რუსულ არმიას ამარაგებს დიზელის და რეაქტიული საწვავებით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის მარტსა და მაისშიც.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG