Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა


საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატრის შუამდგომლობა.

პროკურორი ამტკიცებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) შესაცვლელად ახალი გარემოება არ არსებობდა. საბა სხვიტარიძის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ საქმეს უკვე თან ერთვის ათობით მოწმის ჩვენება, რომლებიც მათ წარადგინეს.

„იქ მყოფებს მოწმეები ახასიათებენ როგორც „ტიტუშკებს“, რომლებიც აყენებდნენ შეურაცხყოფას. თქვენ გინახავთ პოლიციელი, რომელსაც ურტყამენ და ის არ ამბობს, პოლიციელი ვარ, მოვალეობას ვასრულებო?!“ - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ პროკურატურამ საქმეში არ ჩადო სრული ვიდეომასალა, რომელშიც გამოჩნდებოდა, როგორ ურტყამს ხელს პოლიციელი მირიან ქავთარაძე პოლიტიკოს თეონა ჭელიძეს.

ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ დემონსტრაციაზე მყოფ პოლიციელებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ეკეთათ ნიღბები და არ პასუხობდნენ კითხვას, ვინ იყვნენ, იყვნენ თუ არა პოლიციელები. მათივე თქმით, პროკურატურის მოწმე არასწორად უთითებდა შემთხვევის ადგილს - „ქორთიარდ მარიოტის“ ნაცვლად, მიუთითეს მისგან ათობით მეტრით დაშორებულ „თბილისი მარიოტზე“.

„როგორ უნდა ვენდოთ მათ ჩვენებებს?“ - იკითხეს ადვოკატებმა და ამ გამომძიებლის ჩვენების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ და მოსამართლეს და საქმის პროკურორს მიმართა:

„ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო...

დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე...

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!“

მოსამართლე ხუჯაძემ მხარეების შეგროვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად, თუმცა სადავოდ ცნო. სხვიტარიძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი წინასასამართლო სხდომა წესრიგის დაცვის მოტივით დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გაუშვა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.

მოსამართლე ნატო ხუჯაძე
მოსამართლე ნატო ხუჯაძე

საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა.

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

25 დეკემბერს სხვიტარიძის ფეისბუკზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.

  • „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“.
  • „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად“ საქმეს არავინ ასრულებსო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG