Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


კენჭისყრა ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. მინსკი, 26 იანვარი, 2025.
კენჭისყრა ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. მინსკი, 26 იანვარი, 2025.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები კვირას გაიხსნა. მანამდე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ვადამდელი კენჭისყრა, რომელშიც, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 41,81%-მა მიიღო მონაწილეობა.

ქვეყნის ამჟამინდელი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გარდა, ბიულეტენებზე მოხსენიებულია სახელმწიფოს მეთაურის პოსტის კიდევ ოთხი კანდიდატი: ალეჰ ჰაიდუკევიჩი - ბელარუსის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სიარჰეი სირანკოვი - ბელარუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ალიაქსანდრ ხიჟნიაკი - ბელარუსის შრომისა და სამართლიანობის პარტიის თავმჯდომარე და ანა კანაპაცკაია - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. ყველა მათგანი, გარდა კანაპაცკაიასი, ლუკაშენკას პოლიტიკის ერთგულია. კანაპაცკაია საკუთარ თავს „ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს“ უწოდებს, მაგრამ დამოუკიდებელი დამკვირვებლები მას „სპოილერად“ მიიჩნევენ. მან უკვე მიიღო მონაწილეობა წინა არჩევნებში 2020 წელს და ხმების 1,68% მიიღო.

70 წლის ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეშვიდე ვადით აპირებს ხელახლა არჩევას. ის ქვეყანას 1994 წლიდან ხელმძღვანელობს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივი და ხანგრძლივი საპროტესტო აქციები და დღემდე მიმდინარე რეპრესიები არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ არ უტოვებს არავის ეჭვს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მას გამარჯვებულად დაასახელებს.

ევროკავშირისა და მრავალი დასავლური ქვეყნის აზრით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ლეგიტიმაცია დაკარგა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რასაც თან ახლდა მასობრივი გაყალბებები და ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობა. ეს დაადასტურა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. შაბათს მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ლუკაშენკა 30 წელია ძალაუფლებას ეპოტინება. ხვალ ის კიდევ ერთხელ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მორიგ იმიტაციურ არჩევნებზე. ეს არის დემოკრატიის აშკარა შეურაცხყოფა“. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა ბელორუს ხალხს, ასევე ყალბი უწოდა არჩევნებს ბელარუსში. „ჩემი გზავნილი ბელარუსის ხალხს: იყავით მტკიცენი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, დიქტატურის დრო დასრულდება. დემოკრატია გაიმარჯვებს“, წერს ის.

ბელარუსის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. 2020 წლის არჩევნებში უცხოეთში ჩატარებულ კენჭისყრაში ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები, რომლებიც იძულებული იყვნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ, და ბელორუსული დიასპორა 26 იანვარს აქციებს მართავენ უცხოეთში.

შუადღისას ვარშავაში მსვლელობა გაიმართება ქალაქის ცენტრში, სამი ჯვრის მოედნიდან ციხის მოედნამდე, სადაც მოეწყობა მიტინგი, მოგვიანებით კი პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება ფორუმი „ბელორუსები უკეთესს იმსახურებენ“. ვილნიუსში ბელორუსული დიასპორა ღონისძიებებს გამართავს მთავრობის სახლთან, სადაც ინიციატივა „რებელარუსის“ აქტივისტები გაშლიან კარავს - საარჩევნო უბნის იმიტაციას. მსურველებს ეპატიჟებიან, „ხმა მისცენ“ და დაწერონ მიმართვა არჩევნების თემაზე. ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ბელორუსები საპროტესტო აქციას გეგმავენ პრაღაში, ბელარუსის საელჩოსთან. აქციები იმართება ასევე სტოკჰოლმში და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში.

ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56,64% შეადგინა, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta. არჩევნები შემდგარად გამოცხადდა. ბელარუსში საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე იმუშავებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG