იმის გამო, რომ დოკუმენტები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა უწყებას წერილი გაუგზავნა და მოითხოვა დოკუმენტების მიწოდება და ახსნა, რის გამო დაწესდა შეზღუდვა.
ჟურნალისტმა ანტიკორუფციულ ბიუროში წერილი 7 იანვარს გაგზავნა, პასუხი კი 22 იანვარს დაუბრუნდა - მასში არ არის მოთხოვნილი ინფორმაცია.
იმის მიუხედავად, რომ დეკლარაციები არც ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და არც ოფიციალური წერილის პასუხად გასცა ანტიკორუფციულმა ბიურომ, უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი თინათინ აზალაძე ჟურნალისტს სწერს, რომ დეკლარაციები საჯაროა.
დეკლარაციების ვებსაიტზე შემზღუდავი ველის დამატება რადიო თავისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში შენიშნა - უწყების პრესსამსახურში თვე-ნახევრის წინაც და ახლაც ამბობენ, რომ ეს არის „დროებითი ხარვეზი“. ბიუროს ხელმძღვანელია რაჟდენ კუპრაშვილი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო და ჰკითხა, რატომ აღარ ქვეყნდება საჯარო მოხელეების დეკლარაციები საჯაროდ. ერთწუთიანი კომუნიკაციის დრო რაჟდენ კუპრაშვილმა კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად იმაზე ლაპარაკს დაუთმო, რომ არ ეცალა. მოგვიანებით მან სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
საჯარო მოხელეების დეკლარაციები ჟურნალისტებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ამ დოკუმენტებით შესაძლებელია კორუფციული რისკების აღმოჩენა. ვებსაიტი 2010 წლიდან ფუნქციონირებდა.
ამ ვებსაიტის დახმარებით შეიტყო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის არადეკლარირებულ ძვირადღირებულ საათებსა და სხვა საჯარო მოხელეების ქონებაზე.
უფრო ადრე, 2024 წლის 29 მაისს, პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილების შემდეგ საჯარო მოხელეების დეკლარაციები 48 საათში აღარ უნდა გასაჯაროებულიყო. კანონმა ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობა მისცა, დოკუმენტები ვებსაიტზე 60 დღის განმავლობაშიც კი არ გაესაჯაროებინა.
ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ხალხმრავალი აქციების ფონზე მიიღო - თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მაინც მიიღო - პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არა არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება, არამედ „გამჭვირვალობა“ იყო.
ფორუმი