შესაბამისად, რიგით ადამიანებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, მარტივად გაეცნონ თანამდებობის პირთა ქონებრივ მდგომარეობას - ამ ინფორმაციის მისაღებად მათ სჭირდებათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რაზე პასუხის გასაცემადაც ანტიკორუფციულ ბიუროს 10-დღიანი ვადა აქვს.
დეკლარაციების ვებსაიტზე შემზღუდავი ველის დამატება რადიო თავისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში შენიშნა - მაშინ ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ ეს იყო „ხარვეზი“, რომლის აღმოფხვრაც უახლეს დღეებში მოხდებოდა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა.
ვებსაიტი, რომელზეც ონლაინრეჟიმში იძებნებოდა თანამდებობის პირთა დეკლარაციები, საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მასზე შეზღუდვების დაწესება ართულებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც კორუფციის რისკებს სწავლობენ.
„არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააბრუნა 2010 წლამდე არსებული მდგომარეობა და აკრძალა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე საზოგადოების პროაქტიული წვდომა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.
ორგანიზაციამ ოფიციალური განმარტების მისაღებად ანტიკორუფციულ ბიუროს 6 დეკემბერს მიმართა. უწყება ოფიციალურ პასუხში არ წერს, რომ დეკლარაციების ვებგვერდზე ხარვეზია და ის აღმოიფხვრება.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილებების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ. პარლამენტმა ეს წესი შეცვალა და შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეშიც კი არ გასაჯაროვდეს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი ჟურნალისტებისთვის და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო. იქ ქვეყნდებოდა მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლები. მაგალითად, ამ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, რომ ყოფილ პრემიერს მამამ 180 ათასი ლარი აჩუქა.
ფორუმი