Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პარტიის შტაბიდან გამოსულებს გინებით, დანით და ქვების სროლით „შემოგვხვდნენ“ - საბა ბუაძე

პარტიის შტაბიდან გამოსულებს გინებით, დანით და ქვების სროლით „შემოგვხვდნენ“ - საბა ბუაძე


საბა ბუაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ უცხო პირს უჭირავს ქვა, რომელსაც „ლელოს“ ერთ-ერთ წევრს ესვრის, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დანას იჭერს ხელში
საბა ბუაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ უცხო პირს უჭირავს ქვა, რომელსაც „ლელოს“ ერთ-ერთ წევრს ესვრის, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დანას იჭერს ხელში

პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პარტიის საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს, მას და თანაპარტიელებს უცხო პირებმა აგინეს და ქვები ესროლეს.

„ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“, - წერს საბა ბუაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

„რა შემასხი, რა შემასხი შე *ლის შვილო“, - იძახის ვიდეოში ერთი ადამიანი, რომელიც ცხვირზე ხელს იკიდებს და „ლელოს“ წარმომადგენელს აგინებს.

როგორც საბა ბუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას შემდეგ, რაც ამ პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს, მოუწია წიწაკის სპრეის გამოყენება.

„გაიწიე-მეთქი აქედან“, - პასუხობს საბა ბუაძე, რომელიც უცხო პირს გინებაზე გინებით პასუხობს.

შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მარჯვენა ხელში ქვა/ტროტუარის ნატეხი უჭირავს და რომელსაც, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოს“ წევრებთან მყოფი პირი ხელს ურტყამს, ქვას/ტროტუარის ნატეხს ესვრის მას.

რამდენიმე წამის შემდეგ ჩანს, რომ მას მარჯვენა ხელში უჭირავს, სავარაუდოდ, გასახსნელი დანა.

„ქვებს ისროდნენ ინტენსიურად. ერთ-ერთი ქვა მოხვდა ჩვენი საბურთალოს შტაბის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას“, - ამბობს საბა ბუაძე.

ბუაძის თქმით, ის თანხმლებ პირთან, რამაზ მანდარიასთან ერთად შტაბიდან მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც ორი უცხო პირი შემოხვდათ, ერთ-ერთმა მათგანმა მისი სახელი ახსენა და აგინა.

როგორც საბა ბუაძე ამბობს, ირგვლივ მყოფებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა პოლიცია თავდამსხმელებთან მივიდა და არა მათთან.

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს და არც არაფრის მოლოდინი მაქვს. ამათმა მაქსიმუმ რაც გააკეთონ, სადმე წაიყვანონ ეს „ტიტუშკები“ და დაალევინონ. სიმართლის დადგენის მოლოდინი არ მაქვს, პოლიცია და კრიმინალი ერთმანეთზეა შეზრდილი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG