Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ხის დაფა ჩაარტყა, შუაზე გატეხა... იატაკზე თავი არტყმევინა“, - 22 წლის მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

„ხის დაფა ჩაარტყა, შუაზე გატეხა... იატაკზე თავი არტყმევინა“, - 22 წლის მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ


დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი მიიმალა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი მიიმალა.

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო. მკვლელობა თბილისში, ორთაჭალაში, 18 თებერვალს მოხდა.

ოთხ ბრალდებულს: ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პირებიდან სამი საქმის მთავარ ფიგურანტად სწორედ გიორგი პაპაშვილს ასახელებს.

ბაირამ ალი გუსეინოვი მიმალულია. მას და გიორგი პაპაშვილს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. პროკურატურის ცნობით, ბაირამ ალი გუსეინოვმა ქვეყანა დატოვა.

რა თქვა პროკურორმა

საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მოკლული თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა ვერიკო კაპანაძესთან, ლუკა გვენეტაძესთან, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვთან ერთად. შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. ისინი თანამშრომლები იყვნენ.

პროკურორის ცნობით, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური - თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით.

„2025 წლის 18 თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს იყო თავის და კისრის მიდამოში, გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიყენება. სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

აქ მარტო ხელი არ იყო ნარტყამი, ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიღეთ უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფის. სისტემატიურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში.

შედეგად, სამწუხაროდ, თამაზ მთივლიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა და როგორც ბრალდებულ ეკა ჭავლიშვილის ოქმშია ასახული, დაზიანებული აქვს თავის მთელი მიდამოში“, - თქვა პროცესზე პროკურორმა.

პროკურორის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა. ცნობილია მკვლელობის მოტივიც, თუმცა მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით. შესაბამისად, ერთ-ერთ ძებნილ ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა“, - უთხრა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა.

მისივე ცნობით, მოკლული თამაზ მთივლიშვილი ორი დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის სახლში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა. მისი ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ბინაში ჩაკეტა.

„112-ში დარეკა ბრალდებულის დედამ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში.

... როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის, ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება, ვისი და რა კვალია ამ საგანზე“, - თქვა პროკურორმა.

დაცვის მხარის ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მათი თქმით, დაკავებულები ხელს უშლიდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. ადვოკატები არ პასუხობენ კითხვას, იყვნენ თუ არა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები გიორგი პაპაშვილის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG