თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებული 8 ადამიანი.
მოსამართლემ განაჩენი სათათბიროდ გასვლის გარეშე, ადგილზე გამოაცხადა.
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.
საქმეში რამდენიმე საათის წინ ჩართული სახაზინო ადვოკატი, საქმის იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა, ამბობს, რომ პატიმრობის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს და პატიმრობის სრულად გაუქმებას ითხოვს.
"მინდა გამოვეხმაურო ფაქტს, რის გამოც აქ ვარ. დარბაზის გადადებას მოითხოვდნენ... მინდა ვთქვა, რომ სასამართლო ვალდებულია დაკავებულების უფლება დაიცვას და დაცვის მხარეს შეეძლოს დაცვის განხორციელება სათანადო პირობებში. არასაკმარისი ინფორმაციაა მათ მიმართ რაიმე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვერ მოვისმინე საკმარისი მტკიცება", - ამბობს ადვოკატი გიორგი ვარდიაშვილი.
ადვოკატების ბოიკოტის შემდეგ სხდომის გასაგრძელებლად პროკურორებმა ბრალდებულებისთვის, რომელთაც ასაკის გამო სავალდებულო დაცვა სჭირდებათ, სახაზინო ადვოკატი მოითხოვეს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სხდომას ესწრება და სახაზინო ადვოკატის აცილებას მოითხოვს.
ის ამბობს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს არ სურს დაიცვას სახაზინო ადვოკატმა, რადგან მას კერძო ადვოკატი უკვე ჰყავს.
მოსამართლე ამბობს, რომ ადვოკატს არ შეუძლია გადმოსცეს დაცვის ქვეშ მყოფის სურვილები, დაკავებულებმა კი უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე და ციხეში გადაიყვანა საბადრაგო სამსახურმა. “პროცესზე დაცვის მხარის ქმედებები მიმართულია პროცესის ჩაშლისკენ და გაჭიანურებისკენ” - ამბობს მოსამართლე.
ელგუჯა ავსაჯანიშვილი უერთდება ადვოკატების ბოიკოტს. პროცესზე შემოსვლის მიზანი მხოლოდ სახაზინო ადვოკატის აცილების მოთხოვნა გახდა.
“ზოგიერთ მოსამართლეზე ამბობენ, რომ კორუმპირებულია და ახლა იტყვიან, რომ ზოგიერთმა კანონი არ იცის”, - თქვა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა და სხდომა ისე დატოვა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაელოდა.
ირაკლი ხუსკივაძემ ავსაჯანიშვილის შუამდგომლობები არც სახაზინო ადვოკატის და არც მოსამართლის აცილებაზე არ დააკმაყოფილა.
სახაზინო ადვოკატს უწევს დაიცვას დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობს. ეს ფაქტი ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ პროცესზე თავადაც აღნიშნა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა. ახლა პროკურორები თავიდან იმეორებენ, რატომ ითხოვენ დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას.
ხმაური სასამართლოში:
ფორუმი