თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა სხდომაზე, სადაც მათი პატიმრობა უნდა გადაიხედოს. 11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს: ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ძალადობაში მონაწილეობას.
აღკვეთის განმეორებით ჩატარების საფუძველი გახდა პროკურატურის მოთხოვნა გახანგრძლივებულიყო გამოძიების ვადა, შესაბამისად გადადებულიყო წინასასამართლო სხდომა, რომელიც 16 იანვარს ჩაინიშნა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ანალოგიური პროცესი გუშინაც გაიმართა, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობა გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოში იკრიბებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები. პროცესი 10:00-ზეა დაგეგმილი.
სასამართლო პროცესი ამჯერადაც არ იმართება დიდ დარბაზში. სხდომაზე დასწრება მსურველების ნაწილმა ვერ შეძლო.
სავარაუდოდ, ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა, პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.
ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვა.
ადვოკატის თქმით, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება იყოს სხვა რაიმე გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ეს გარემოება კი ამ მოსამართლის მიერ იდენტურ საქმეზე გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებაა.
“პატიმრობის საკითხი უკვე განვიხილეთ დეკემბერში, რომელიც ამავე შემადგენლობამ არ განიხილა ობიექტურად და მიკერძოებულად. აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება უდანაშაულო ადამიანს, ასეა და როცა ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება ხდება, უნდა იყოს დასაბუთებული. წინა სხდომაზე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული გარემოება, რამ შეუქმნა ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვეფხია კასრაძე მიიმალებოდა, ახალ დანაშაულს ჩაიდენდა, მტკიცებულებებს გაანადგურებდა, სასამართლოში არ გამოცხადდებოდა. არც ერთი ფაქტი ამ ადამიანის ცხოვრებიდან მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
მას არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ… ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე არ არის სამართლიანი და მიუკერძოებელი… დღევანდელი განხილვის შედეგი ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი, ისევ პატიმრობას შეუფარდებს, რადგან ეს ვნახეთ წინა სხდომაზე…” - თქვა კახა კოჟორიძემ.
ფორუმი