ხელოვანები თეატრალურ პრემია "დურუჯს" უბრუნებენ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს, რომლის ინიციატივაც იყო "რედიქს ჯგუფის" სახელით ამ თეატრალური პრემიის დაფუძნება 2008 წელს. მსახიობებმა, დრამატურგებმა და რეჟისორებმა წლების წინათ მიღებული პრემიის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს პაპაშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებდა ისტორიულ ფიგურად, რომელმაც საქართველოს ომი აარიდა. ბიზნესმენმა ეს განცხადება 30 დეკემბერს გააკეთა BMG-ის ეთერში. ამ ეთერშივე პაპაშვილმა თქვა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია არ შეუცვლია და ქართული ბიზნესი არ აპირებს ვინმეს მოსკოვში გაჰყვეს.
"12 წელია ამას ვუყურებ, აქ ვცხოვრობ და კი არ გადაუხვია, აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა. ჩვენ რა გამოვიარეთ, ამის შეკავება შეუძლებელია...ყოველდღე და ღამე იძახის ყველა, უკვე ბანალური გახდა ეს ყველაფერი, ხომ დაწყნარდა ქვეყანა, მშვიდობა ხომ გვაქვს, ბიზნესი ხომ თავისუფალია? "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა მშვიდად ვართ, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის შეუწყვეტლად მესამე წელია, არ გაჩერებულა ზრდა. გამარჯვებულებს არ სჯიან", - თქვა ლაშა პაპაშვილმა და იქვე განმარტა, რომ, მაგალითად, 9 აპრილს რუსთაველზე დგომა შეცდომა იყო და უფრო გამართლებული იქნებოდა, თუკი ისინი დაიშლებოდნენ, როგორც ამას პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებდა საზოგადოებას.
"სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით წლების განმავლობაში იმართებოდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და გამოარჩევდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით.
ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ. სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება.
ჩვენი ორი კოლეგა ახლაც დაპატიმრებულია და განაჩენს ელოდება.
მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას და არ იცავენ ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ", - ეს არის ფრაგმენტი იმ წერილიდან, რომლის თანხლებითაც დააბრუნეს ხელოვანებმა პრემია "დურუჯი". მათი უმეტესობა ამ დრომდე გაფიცულია და აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში. ხელოვანები, რომლებმაც პაპაშვილს პრემია უკან დაუბრუნეს, აპირებენ იმ თანხების შეგროვებასაც, რომლებიც მათ პრემიასთან ერთად მიიღეს და მის ჩარიცხვას გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.
ლაშა პაპაშვილს გაცემული ჯილდოები დაუბრუნეს:
- დავით გაბუნიამ;
- მიხეილ ჩარკვიანმა;
- სანდრო ნიკოლაძემ;
- გია სურმავამ;
- თორნიკე გოგრიჭიანმა;
- დათა თავაძემ;
- ნატუკა კახიძემ;
- ალექს ჩიღვინაძემ;
- თამთა მელაშვილმა;
- ქეთა შათირიშვილმა;
- დათო საყვარელიძემ;
- ლაშა ბუღაძემ;
- კახა კინწურაშვილმა;
- თამრი ოხიკიანმა;
- გეგა გაგნიძემ;
- პაატა ციკოლიამ;
- ოთარ ქათამაძემ;
- ნინო კასრაძემ;
- ანკა კალატოზიშვილმა.
ფორუმი