Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი პარტია მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტუროს „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება


ფოტო პროევროპული აქციიდან, რომლის მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
ფოტო პროევროპული აქციიდან, რომლის მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

„არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან - ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, - წერია განცხადებაში.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG