Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 6 იანვარი, 2025 წელი
საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 6 იანვარი, 2025 წელი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. ისინი 6 დეკემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბნენ ტელევიზიის შენობასთან და კვლავ მოითხოვენ ეთერის დათმობას.

აქტივისტი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეთანხმების მიუხედავად, 3 იანვრიდან აღარ გაგრძელდა "მოამბის საგანგებო ეთერი", რომელიც სახალხო პროტესტის შემდეგ გადიოდა. მისივე თქმით, მოგვიანებით პროდიუსერებმა მათ აცნობეს, რომ გადაცემა 6 იანვრამდე არ დაიწყებოდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჭანტურია ამბობს, უკვე რამდენიმე დღეა, არხის წარმომადგენლები მათთან კონტაქტზე აღარ გადიან.

"ეს ადამიანები თითქოს აორთქლდნენ და არანაირ კონტაქტზე აღარ გამოდიან. არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობენ, არც ტექსტურ შეტყობინებას. ის ფაქტი, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და დღეს არის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ცხადია, რომ ის არის გადაჯაჭვული ხელისუფლებასთან. შესაბამისად, არც ისეთი მიამიტი ვარ, რომ მჯეროდეს, არხში მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებებს... ნათქვამი იყო, რომ სანამ კრიზისი არსებობს, ეს ეთერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა 30 ნოემბრიდან მოლაპარაკებების დროსაც არაერთხელ გაუტეხავთ სიტყვა არხის წარმომადგენლებს. ისედაც ვგრძნობდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ეს ეთერი ჩაეხსნათ", - უთხრა აქტივისტმა გიორგი ჭანტურიამ რადიო თავისუფლებას. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “საგანგებო ეთერისთვის” სტუმრების შერჩევასა და “პირველი არხის” მიმართ მიმდინარე პროტესტის სხვა საორგანიზაციო საკითხებში იღებენ მონაწილეობას.

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 6 იანვარი, 2025 წელი
საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 6 იანვარი, 2025 წელი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე “საგანგებო ეთერის” ერთ-ერთი პროდიუსერი ნინო თარგამაძე და გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, გაგრძელდება თუ არა “მოამბის საგანგებო ეთერი” ან გეგმავენ თუ არა მას დღეს.

“მოამბის საგანგებო ეთერი” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 ნოემბერს, სახალხო პროტესტის შემდეგ დაიწყო. პროევროპული აქციების მესამე დღეს, “პირველ არხთან” შეიკრიბნენ მოქალაქეები და ტელევიზიის ეთერში საჯარო დისკუსიები მოითხოვეს. ისინი “პირველ არხს” ადანაშაულებდნენ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სიმართლის დამალვასა და მიკერძოებულ გაშუქებაში.

რამდენიმესაათიანი პროტესტისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, იმ საღამოსვე, 20 საათზე ჩაინიშნა ეთერი, რომელსაც არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვებოდა. ეთერში საუბრის შესაძლებლობა მიეცათ პროევროპული აქციების მონაწილეებსა და მხარდამჭერებს. ეთერის შემდეგ სტუდიაში “პირველი არხის” თანამშრომლები შევიდნენ. ისინი ტელევიზიასთან გამართული აქციის მონაწილეების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და არ იზიარებდნენ პოზიციას, რომ არხი ინფორმაციას მიკერძოებულად ან საერთოდ არ აშუქებს.

მოგვიანებით, ხელმძღვანელობასა და აქტივისტებს შორის რამდენიმეეტაპიანი მოლაპარაკების საფუძველზე, აღნიშნული გადაცემა თითქმის ყოველდღიურად გადიოდა ეთერში 30 დეკემბრის ჩათვლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG