ეს მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე კვირაა აქვთ, მათ კიდევ ერთხელ დააყენეს დღეს, 23 დეკემბერს, ტელევიზიის შესასვლელთან, კიბეებზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
განცხადება გაჟღერდა ტელევიზიის ორმოცამდე თანამშრომლის სახელით, რომლებიც არიან სხვადასხვა პროექტის თანამშრომლები. მათ შორისაა „რეალურ სივრცეში“, „ამ შაბათ-კვირასა“ და „მოამბეში“ მომუშავეების ნაწილი - ჟურნალისტები, პროდიუსერები, მემონტაჟეები და რეჟისორები.
„მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომელთაც არავითარი კავშირი აქვს დღევანდელ რეალობასთან. მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის“, - თქვა დღეს აქციაზე „რეალური სივრცის“ რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ.
"პირველი არხის" თანამშრომლების თქმით, ამ საკითხზე მენეჯმენტს წერილობითაც მიმართეს, რაზეც ასევე წერილობითი პასუხი მიიღეს, თუმცა კვლავ ბუნდოვანია, გახსნის თუ არა "პირველი არხი" სატელევიზიო ეთერს.
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ“, - განაცხადა „მოამბის“ წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
თამარ მშვენიერაძის თქმით კი, დღის ეთერის გახსნაზე უარს მენეჯმენტი ასაბუთებს სწორედ ტექნიკური საკითხებით, თუმცა თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის რეალური პრობლემა და სურვილის შემთხვევაში, ეთერის გახსნა შესაძლებელი იქნებოდა:
„ჩვენ ვართ არხი, რომელმაც პანდემიის დროს გააკეთა ახალი არხი - ტელესკოლა, რომელმაც პანდემიის დროს შეავსო ის სიცარიელე, რომელიც პანდემიისას ხალხს სჭირდებოდა“, - განაცხადა რეჟისორმა კახა მიქელაძემ და განმარტა, რომ ტელევიზიაში არის ინვენტარი, რომელიც ამჟამად დაშლილია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი მისი გამოყენებით ოთხკაციანი სტუდიის მოწყობა.
„მით უმეტეს, ტელესკოლის შემდეგ ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდა და კიდევ უფრო ადვილია სიგნალის მიწოდება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ტელევიზიამდე, რომ გავიდეს ხალხში“, - აღნიშნა მიქელაძემ.
რაც შეეხება არხის ოფიციალურ პოზიციას, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ რადგან ტელევიზია შენობას იცვლის, სტუდიები დაშლილია და ამჟამად მხოლოდ ახალი ამბების სტუდია ფუნქციონირებს.
„ყველა არსებული გადაცემა გადასულია რადიოში და ეს მოცემულობა წინასწარ იცოდა ყველა გადაცემის თანამშრომელმა. შესაბამისად, მათ ხელი აქვთ მოწერილი გადაცემების რადიოში წარმოების ხელშეკრულებაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სამსახური ყოველდღიურად განაგრძობს სპეციალურ რეჟიმში მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „მოამბის“ ეთერში გაჟღერდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებას შეეხებოდა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა დემონსტრანტების დარბევის და პოლიციის მხრიდან მათზე და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, აქციების მოთხოვნას პასუხისმგებელი პირების დასჯა დაემატა.
პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლების პარალელურად დემონსტრანტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იკრიბებოდა და პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიებს და მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვდა.
ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - "პირველი არხი" „საგანგებო ეთერის“ ფორმატში საღამოს გარკვეულ დროს უთმობს როგორც პროევროპული აქციების მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებსაც.
ფორუმი