Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ უცნობია, გაგრძელდება თუ არა "პირველი არხის საგანგებო ეთერი"


თვეზე მეტია, მოქალაქეები თითქმის ყოველდღე იკრიბებიან "პირველი არხის" შენობასთან და ითხოვენ, რომ ეთერი ხალხს დაეთმოს.
თვეზე მეტია, მოქალაქეები თითქმის ყოველდღე იკრიბებიან "პირველი არხის" შენობასთან და ითხოვენ, რომ ეთერი ხალხს დაეთმოს.

ამ დრომდე უცნობია, გაგრძელდება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე “მოამბის საგანგებო ეთერი”, რომელიც ტელევიზიამ სახალხო პროტესტის შემდეგ დაიწყო.  აქტივისტები ამბობენ, რომ თავდაპირველი შეთანხმებით, ეთერი 3 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა პროდიუსერებმა აცნობეს, რომ გადაცემა 6 იანვრამდე არ დაიწყებოდა. 

დღეს 6 იანვარია, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩართული ადამიანებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა დღეს საღამოს “მოამბის საგანგებო ეთერი”. კონკრეტული პასუხი ტელევიზიის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღო რადიო თავისუფლებამაც.

აქტივისტების თქმით, მათ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ მცდელობების მიუხედავად, ვერ ახერხებენ დაკავშირებას გადაცემის პროდიუსერებთან ან არხის მენეჯმენტთან:

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დასვენება იყო და 3 იანვრიდან უნდა გაგვეგრძელებინა გადაცემა. 3-ში არ გაგრძელდა, გადაიდო 6 იანვრამდე. არხის წარმომადგენლები ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და მესიჯებს პასუხობენ. გვაქვს შიდა ინფორმაციაც, რომ ეს რისკი არსებობს.

საჯაროდაც გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და თუ ასეა არაა, შეეძლოთ დაგვკავშირებოდნენ და ეთქვათ, რომ ეთერი გაგრძელდება. ან ეპასუხათ ჩვენს შეტყობინებებზე და ზარებზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი გიორგი ჭანტურია. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “საგანგებო ეთერისთვის” სტუმრების შერჩევასა და “პირველი არხის” მიმართ მიმდინარე პროტესტის სხვა საორგანიზაციო საკითხებში იღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება ტელევიზიას, არხის მენეჯმენტთან დაკავშირებას რადიო თავისუფლება ამ დრომდე ცდილობს. პრესსამსახურში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

“საგანგებო ეთერის” ერთ-ერთი პროდიუსერი ნინო თარგამაძე და გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, გაგრძელდება თუ არა “მოამბის საგანგებო ეთერი” ან გეგმავენ თუ არა მას დღეს.

“მოამბის საგანგებო ეთერი” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 ნოემბერს, სახალხო პროტესტის შემდეგ დაიწყო. პროევროპული აქციების მესამე დღეს, “პირველ არხთან” შეიკრიბნენ მოქალაქეები და ტელევიზიის ეთერში საჯარო დისკუსიები მოითხოვეს. ისინი “პირველ არხს” ადანაშაულებდნენ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სიმართლის დამალვასა და მიკერძოებულ გაშუქებაში.

რამდენიმესაათიანი პროტესტისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, იმ საღამოსვე, 20 საათზე ჩაინიშნა ეთერი, რომელსაც არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვებოდა. ეთერში საუბრის შესაძლებლობა მიეცათ პროევროპული აქციების მონაწილეებსა და მხარდამჭერებს. ეთერის შემდეგ სტუდიაში “პირველი არხის” თანამშრომლები შევიდნენ. ისინი ტელევიზიასთან გამართული აქციის მონაწილეების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და არ იზიარებდნენ პოზიციას, რომ არხი ინფორმაციას მიკერძოებულად ან საერთოდ არ აშუქებს.

მოგვიანებით, ხელმძღვანელობასა და აქტივისტებს შორის რამდენიმეეტაპიანი მოლაპარაკების საფუძველზე, აღნიშნული გადაცემა თითქმის ყოველდღიურად გადიოდა ეთერში 30 დეკემბრის ჩათვლით.

ტელევიზიის გარეთ მიმდინარე პროტესტის პარალელურად სატელევიზიო ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ითხოვს "პირველი არხის" თანამშრომლების ნაწილი. ამჟამად სატელევიზიო ეთერში მხოლოდ ფილმები, სერიალები და საინფორმაციო გამოშვება გადის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG