Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დაიწყო ექსპრეზიდენტ სარკოზის სასამართლო კადაფისგან დაფინანსების მიღების ბრალდებით


საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სასამართლოში. 2025 წლის 6 იანვარი
საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სასამართლოში. 2025 წლის 6 იანვარი

საფრანგეთში დაიწყო ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი, ლიბიის მაშინდელი ლიდერის, მუამარ კადაფის მთავრობის მიერ მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონოდ დაფინანსების ბრალდებით.

69 წლის სარკოზის, რომელიც 2007-2012 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, პარიზის სასამართლოში მისვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სარკოზი ბრალდებას უარყოფს.

ლიბიის საქმე არის ყველაზე დიდი და შესაძლოა ყველაზე ხმამაღალი იმ რამდენიმე სკანდალს შორის, რომლებიც სარკოზის სახელს უკავშირდება. სასამართლო 10 აპრილამდე გაგრძელდება, განაჩენს უფრო გვიან გამოიტანენ.

სარკოზის წაყენებული აქვს პასიური კორუფციის, კამპანიის უკანონო დაფინანსების, საჯარო თანხების გაფლანგვისა და დანაშაულებრივი კავშირების დამალვის ბრალდებები, რაც 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გამოძიების ვერსიით, 2005 წელს სარკოზიმ და მისმა აპარატმა კადაფისთან მოილაპარაკეს და 2006-2007 წლებში მისგან მიიღეს ხუთ მილიონ ევრომდე თანხა, რომელიც სარკოზიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. ამის სანაცვლოდ საფრანგეთი ხელს უწყობდა კადაფის რეჟიმს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში იყო.

სასამართლოზე კიდევ 11 განსასჯელია, მათ შორის სამი ყოფილი მინისტრი. ლიბანური წარმომავლობის ფრანგი ბიზნესმენი ზიად ტაკიედინი - რომელსაც შუამავლის ფუნქციის შესრულებაში ადანაშაულებენ - ლიბანში წავიდა და მას პარიზის სასამართლოზე არ მოელიან.

სარკოზი სასამართლო სხდომას "შემართებით" ელოდება, წერს მისი ადვოკატი. "კამპანიის ლიბიური დაფინანსება არ არსებობს", - წერია განცხადებაში.

ეს სარკოზის მესამე სასამართლო პროცესია. 2021 წელს მას ორი განაჩენი გამოუტანეს - ერთი ითვალისწინებდა სამი წლით პატიმრობას (აქედან ორი წელი - პირობითი, ერთი - შინაპატიმრობა), კორუფციის და ოფიციალური პირის მოსყიდვის მცდელობის მუხლით, მეორე ბრალდება საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას შეეხებოდა. ამ ბრალდებით ექსპრეზიდენტს ერთი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - ნახევარი წელი პატიმრობაში, ნახევარი პირობითი - თუმცა განაჩენი ამჟამად გასაჩივრების პროცესშია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG