Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი თეატრი" სპექტაკლებს აუქმებს, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო


ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ინფორმაციით, აღარ გაიმართება 2,3,4 და 5 იანვრისთვის გადატანილი სპექტაკლები - „შეყრა“ და „გაყრა“.

თეატრი განმარტავს, რომ დეკემბერში გადავადებული სპექტაკლების გაუქმება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის ფაქტს უკავშირდება.

“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge”, - წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია აქ არის“, - მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.

ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს ასეულობით პირი, რომლებსაც ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ათეულობით დაკავებული კვლავ საპატიმროში რჩება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG