Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა


სალომე ზურაბიშვილი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად
სალომე ზურაბიშვილი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად

ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ყოფილ, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.

"დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს. დღეს 86 ადამიანი, გუშინ და გუშინწინ... ასე გაგრძელდება, მაგრამ ესეც გამარჯვებაა.", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც "ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა".

"სახელმწიფო არ არსებობს თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე, ესაა საყრდენი, ესაა მეხსიერება, ესაა ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის ყველაძე ძვირფასი არის სახელმწიფო, საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის, არის სწორედ ის, რაც მოდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძნელად, ბრძოლით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ დღეს, ვიცავთ რუსებისგან, შიდა რუსებისგან".

მეხუთე პრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ ახალი წლის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ხდება "ნამდვილი სასწაული", გაიშალა "ერთიანობის სუფრა, მომავლის სუფრა".

"ამით ჩვენ ყველგან გავალთ, ყველას გავაკვირვებთ, ჩვენს თავს გავაკვირვებთ, როცა ერთად მალე ვიმღერებთ მრავალჟამიერს. ესაა ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს".

მილოცვისას, მან 2024 წელი შეაჯამა და თქვა, რომ ეს იყო დიდი ერთიანობის წელი:

"ჩვენ ყველანი ვიყავით ერთსულოვანი, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში კიდევ ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებული, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით, ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე, როცა ქართულ დროშას ვუყურებდით, ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ვიქნებით ყოველთვის ერთად, რადგან საქართველო არის ძალიან ძლიერი".

მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო "რუსული კანონის და რუსული კანონების წელი".

"ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ, ამდენად, არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გავიარეთ ეს წელი, მოვედით ბოლომდე".

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ახალი წლის ღამეს ათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს. მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა რამდენიმემეტრიანი საახალწლო სუფრა. ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG