შსს ასევე აცხადებს, რომ "სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია" ვრცელდება ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და განმარტავს:
"ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას.
ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე".
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი „ავერსის კლინიკაში" გამოკვლევის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაშიც დაუდასტურეს.
კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.
„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია. პაციენტმა კვლევის დასრულებისთანავე დატოვა კლინიკა“, - ამბობს რადიოლოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობოდა.
ზვიად ხარაზიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეს სამსახური შლიდა პროევროპულ აქციებს დედაქალაქის ქუჩებში. რამდენიმე თვის წინ „მთავარმა არხმა“, „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს ცნობები, რომ "ხარებასა" და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება იყო.
ფორუმი