კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.
„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია. პაციენტმა კვლევის დასრულებისთანავე დატოვა კლინიკა“, - ამბობს რადიოლოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
გამოკვლევის მიზნით, ზვიად ხარაზიშვილის კლინიკაში მისვლის შესახებ ცნობა „TV პირველმა“ გაავრცელა. არხი ეყრდნობოდა კლინიკის რადიოლოგ სოფო მიქიაშვილს:
„მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ანამნეზი, საიდან, როგორ მიიღო, ვერ გეტყვით“.
ზვიად ხარაზიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეს სამსახური შლიდა პროევროპულ აქციებს დედაქალაქის ქუჩებში. რამდენიმე თვის წინ „მთავარმა არხმა“, „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს ცნობები, რომ "ხარებასა" და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება იყო.
ფორუმი