მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსნები“, ვინც ის აირჩია, - პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაციაზე ელჩები არ მიუწვევიათ.
ცერემონია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
„დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების სადარაჯოზე იდგება“, - განაცხადა მან.
ფიცის დადების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა თქვა: „მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი“.
პარალელურად, ორბელიანების სასახლიდან საზოგადოებას მიმართა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ ტოვებს სასახლეს, თუმცა თავს კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით“.
ფორუმი