„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე, უილსონი წერს, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მარიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.
"სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს", - წერს კონგრესმენი.
ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, მანამდე კი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს.
სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ აპირებს თქვას, რას გეგმავს „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში იმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა "ჰელსინკის კომისიის" რესპუბლიკელი თავმჯდომარის, ჯო უილსონის ტვიტები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა, ფაქტობრივად, შექმნა მოლოდინი რაღაც დიდ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აშშ მიიღებდა.
ფორუმი