გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიცია საპატრიარქოს პრესმდივანთან, ანდრია ჯაღმაიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა. მას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება მოქმედებაში და კონკრეტულად, რა შეთანხმდა საპატრიარქოს წარმომადგენელთან.
მისივე მტკიცებით, ჯაღმაიძესთან კომუნიკაციის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ აცნობა და გეგმა, რომელიც გდდ-ს ჰქონდა შემუშავებული, ამ არგუმენტით არ აამოქმედეს.
„სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც განსაზღვრული გვქონდა და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. რომ დაგვირეკეს უკვე რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, იქ არსებული რესურსი ფიზიკურად რაოდენობრივად აღარ ეყოთ და 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები როცა მივიდნენ, ყველა ნაცემები იყვნენ“. - ამბობს შაიშმელაშვილი.
რადიო თავისუფლება სოციალური ქსელით დაუკავშირდა ანდრია ჯაღმაიძეს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს პრესმდივანმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„ეს რომ დავადასტურო, დაიჯერებთ?“, - მოგვწერა მან და მოგვიანებით ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება“.
რადიო თავისუფლება შსს-სგანაც ელის განმარტებებს. მათი პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
5 ივლისს ჰომოფობიური, სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენლებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" და "სირცხვილიას" ოფისები, თავს დაესხნენ მედიას - დაშავდა 53 ჟურნალისტი. პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილას, როცა მოძალადე ჯგუფები უკვე იკრიბებოდნენ და "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" ჯერ არ იყო გაუქმებული, თქვა, რომ მის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
ინტერვიუ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან, მის ამერიკაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩაწერა. ის ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახის წევრების ლიკვიდაციით დაემუქრნენ. გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მას ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.
ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.
ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში კი თქვა, რომ მიზეზი 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა, რა დროდაც პოლიციამ ასობით დემონსტრანტს სცემა. ის ამბობს, პოლიციის ძალადობა არა ცალკეული გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედება იყო.
პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.
30 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
ფორუმი