ოფიციალურ თბილისთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, დასავლეთის ქვეყნები სანქცირებულთა სიას აფართოებენ. ამ სიაში შესაძლოა მოხვდეს ნებისმიერი რანგის, ნებისმიერი მაღალჩინოსანი.
ექსპერტები ვერ იხსენებენ მაგალითს, როცა დემოკრატიულ ქვეყნებს სანქცირებული ჩინოვნიკები მართავენ და მომავალში საიმედოს ვერაფერს ხედავენ.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 19 დეკემბერს დაუწესა.
რამდენიმე საათში, გამოცხადდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება - გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ, რაც უმძიმეს საფინანსო აკრძალვებს ითვალისწინებს.
- აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების გაყინვა;
- ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვა;
- სავიზო აკრძალვა.
„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტს და მიმართულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებზე“, - განაცხადეს 19 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტში. გავრცელდა ცნობა, რომ ეს სანქციები კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან.
აშშ-ში მოქმედი #13818 აღმასრულებელი ბრძანება 2017 წელს, წინა პრეზიდენტობის დროს, დონალდ ტრამპმა გამოსცა და მას საფუძვლად უდევს „მაგნიტსკის აქტი“.
მაგნიტსკის სია შედგა 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე. მისი თავდაპირველი მიზანი იყო მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში მის სიკვდილთან კავშირის მქონეთა დასჯა. აშშ-ის ეს კანონი სიაში შეყვანილებისთვის კრძალავს ვიზის გაცემას და ყინავს მათ ანგარიშებს. მაგნიტსკის საქმის გარდა, აშშ-ის კანონი ითვალისწინებს ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა სანქცირებას სხვა ქვეყნებშიც.
20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სანქციებით მიყენებულ ზარალს საჯარო მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს:
„ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“.
როგორც ჩანს, ეს არ იქნება ამ მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯული ბოლო ფული - დასავლეთის ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ სანქციების დაწესებას სხვებისთვისაც აპირებენ.
ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ მასშტაბური სანქცირების ტალღის დარტყმიდან 3-6 თვეში ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი დაეწევა.
ქვეყნის დაზიანებული იმიჯი, მისი თქმით, პრობლემების მთელ ჯაჭვს წარმოშობს:
„ქვეყანა, სადაც ოფიციალური პირები იქნებიან სანქცირებული, აღარ არის სანდო და შესაძლოა ბევრმა ეკონომიკურმა სუბიექტმა საქართველო უბრალოდ შავ სიაში შეიყვანოს - გართულდება ეკონომიკური კავშირები და ინვესტიციებზე ნეგატიურად იმოქმედებს. თანდათან ეს იმოქმედებს შემოსავლებზეც, ლარის კურსზე, საგარეო ვაჭრობის ბალანსზე. ქვეყნის იმიჯის დაზიანება ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ეუბნება რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლებას.
ეკონომისტის თქმით, რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან კომერციული ბანკები და მათი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაუძლებენ ხელისუფლების წნეხს - „რამდენად გაბედავენ და შეძლებენ სანქციების რეჟიმის დაცვას“.
მანამდე იყვნენ სხვებიც
გომელაურამდე და კეზევაძემდე, 2024 წლის სექტემბერში, #13818 აღმასრულებელი ბრძანებით გათვალისწინებული სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [ხარებას], მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. მათ გარდა, ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს... ძალიან კარგად. იღებენ ხელფასს ჩვეულებრივად“, - უთხრა „ტვ პირველს“, ოქტომბერში, ვახტანგ გომელაურმა - ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის შესახებ.
ხოლო შეკითხვაზე - როგორ იღებენ ხელფასს - ნაღდი ფულის სახით თუ არა; გომელაურმა შეკითხვით უპასუხა: „არა, ხელფასი, ახლა... ბანკში მარტო „ვიზა“ ბარათებია? სხვა ბარათები არ არსებობს?“
მას არ დაუკონკრეტებია - რომელი ბანკი ემსახურება სანქცირებულ მაღალჩინოსნებს. „რა მნიშვნელობა აქვს? მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე. ეგ არის ინდივიდუალური“, - ასე უპასუხა გომელაურმა.
2023 წლის სექტემბერში, აშშ-მა მძიმე სანქციები დაუწესა - ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მაგრამ არა 13818-ე, არამედ 14024-ე ბრძანების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის გამოცემულია. დაკისრებული ზომები თითქმის იდენტურია.
სწორედ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა - რის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს აღარ ეკისრებათ ვალდებულება - სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ავტომატური ამოქმედება დაუშვებელია, რადგან ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრს ირაკლი მჭედლიშვილს არც კი წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა მართოს სამინისტრო თუ სხვა უწყება „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილმა ხელმძღვანელმა და ვერც სხვა დემოკრატიული ქვეყნის მაგალითს იხსენებს - თანაც „მაგნიტსკის აქტის“ ისტორია არც ისე ხანდაზმულია, სულ რაღაც 12 წელიწადს ითვლის.
თუმცა მჭედლიშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები სანქცირებულ პირებთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს ვერასოდეს გააგრძელებენ, ხოლო, რადგან საქართველოში სანქციები შესაძლოა სულ უფრო მეტ მაღალჩინოსანს შეეხოს, პროცესი დროსთან ერთად უსაფრთხოების რისკებსაც წარმოშობს.
„ეს სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებასაც მოახდენს და ქვეყანა სრულფასოვან ფუნქციონირებას ვერ შეძლებს… ჯარი რომ ავიღოთ, თუ რეგულარული წვრთნა არ გაიარა და საერთაშორისო სტანდარტებს თუ არ გაეცნო, თანდათან სრულ დეგრადაციას გამოიწვევს. ვნახეთ, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთკორეელი სამხედროები - ე.წ. ელიტური დანაყოფი იყოო და რა საბრძოლო უნარები აჩვენეს. დასავლური ტიპის სამხედრო წვრთნა უძვირესია, საქართველო აბა მარტო რას შეძლებს“, - ირაკლი მჭედლიშვილი გვეუბნება ასევე, რომ დასავლეთის ნაჩუქარი ტექნოლოგიებიც გამოუსადეგარი გახდება, სპეციალისტების ცოდნის მუდმივად განახლების გარეშე.
მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ამ კუთხით დასავლეთს ჩინეთი ვერასოდეს ჩაანაცვლებს და არც ეცდება, რადგან - „ჯერჯერობით ჩინეთი ისევ უფრთხილდება თავის კავშირებს დასავლეთთან“.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე მოელის, რომ „საქართველოში ცხოვრება ძალიან გართულდება ყველანაირად“, თუკი მაღალჩინოსნებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება მასშტაბური გახდება და ის მოელის ამას.
„სპილო როცა მიდის და ყურშა ყეფას იწყებს - სხვა ყურშებს რომ უჩვენოს, ჩვენ შეიძლება პასუხი გავცეთო - ასეა მათი ["ქართული ოცნების"] განცხადებები. ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, დასავლეთი კიდევ უფრო დიდი და აქედან რა სიგნალები წავა, რეალურ სიტუაციას დიდად ვერ შეცვლის“, - კუხიანიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დასავლეთის მიმართ მკაცრ განცხადებებს მაინც საკუთარი მომხრეების გასაგონად აკეთებენ, „ანდა მათი პატრონებისთვის - მოსკოვში რომ სხედან“.
რთული და მრავალწახნაგიანი საერთაშორისო პოლიტიკის გათვალისწინებით, ალექსანდრე კუხიანიძეს უჭირს პროგნოზირება, თუ რა მოხდება საქართველოში უახლოეს პერიოდში და იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი რამ სწორედ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ მისთვის ცხადია, რომ ოვალურ კაბინეტში შესულ ტრამპს პირველ რიგში „ქართული ოცნება“ არ გაახსენდება.
„არ გაახსენდება და თუ გაახსენდა, მათთვისაც ["ოცნებისთვის"] უარესი იქნება. ძალიან ბევრი განცხადება აქვთ გაკეთებული აშშ-ის წინააღმდეგ, ბრალდება, შეურაცხყოფაც კი, დამოკიდებულება მათი ელჩების მიმართ. იყო ბევრი, ბევრი ისეთი მოქმედება, რასაც დიდი ალბათობით დასავლეთი არ აპატიებს“, - გვეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე.
20 დეკემბერს, დილიდან, ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური საზოგადოებას ვიცე-პრემიერად წარუდგინა; ხოლო დღის მეორე ნახევარში, პრესკონფერენციაზე გაიმეორა, რომ აშშ-ს დეოლიგარქიზაცია სჭირდება.
კობახიძე აპირებს რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოოს. ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ამიტომ „ოცნებას“ ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილის იმედი ვერ ექნება. გადაწყვეტილი აქვთ, რომ დაუცადონ საკუთარ რჩეულს - მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც 14 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს დანიშნეს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე თქვა ასევე, რომ შსს „მთლიანობაში ამ [საპროტესტო] აქციების მიმართ მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით“.
დაკავებულების უდიდეს ნაწილს ძალადობის კვალი ეტყობა. არსებობს ვიდეოკადრები, როცა ძალოვნები ძირს დაგდებულ დემონსტრანტებს გამეტებით, ჯგუფურად სცემენ, ძირითადად სახეში ურტყამენ. ბევრს დასჭირდა კლინიკაში მკურნალობა, ზოგს კი - რთული ოპერაცია.
უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ფორუმი