19 დეკემბერს ისრაელს ბრალად დასდეს “გენოციდის ქმედებები” ღაზის სექტორში, რაც ამ ქვეყნის მთავრობამ “სიყალბედ” შეაფასა.
ამავე დღეს, სამედიცინო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიისთვის მიყენებულ “განადგურებას” ეთნიკური წმენდის ნიშნები აქვს.
Human Rights Watch-ი, ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია, თავის ახალ ანგარიშში დეტალურად აღწერს, როგორც ის უწოდებს, ისრაელის ხელისუფლების წინასწარგანზრახულ მცდელობას, რომელსაც “სისტემატური ხასიათი” ჰქონდა, არ მიეწოდებინათ ღაზის მოსახლეობისთვის წყალი, რაც გახდა, “სავარაუდოდ, ათასობით სიკვდილის მიზეზი …და, სავარაუდოდ, კვლავაც გამოიწვევს სიკვდილს”.
ღაზაში ომი დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად გამოცხადებული დაჯგუფება) თავდასხმის საპასუხოდ, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 გაიტაცეს.
მას მერე ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედების შედეგად დაიღუპა 45 ათასზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე. ეს მონაცემები ეკუთვნის ღაზის ჯანდაცვის უწყებას, მათ გაერო სანდოდ მიიჩნევს.
AFP-ის ინფორმაციით, HRW-ის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, ორგანიზაციის აზრით, როგორ ზიანდებოდა განზრახ წყლით მომარაგების და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა და იბლოკებოდა საწვავი გენერატორებისთვის. ანგარიშის ავტორების დასკვნით, ისრაელის ხელისუფლება განზრახ ქმნიდა „პირობებს, რომლებიც გათვლილი იყო სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებაზე“. ეს, ანგარიშის თანახმად, უტოლდება „დახოცვისა“ და „გენოციდის მოქმედების“ ომის დანაშაულს.
HRW-არ წერს, რომ ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა. ამის დასამტკიცებლად, საერთაშორისო კონვენციის თანახმად, საჭიროა კონკრეტული განზრახვის მტკიცებულება. HRW-ს მოჰყავს ისრაელის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის განცხადება 2023 წლის ოქტომბერში, როცა მან ღაზის სექტორის „სრული ალყა„ გამოაცხადა და თქვა: „არ არის ელექტროდენი, არ არის საკვები, არ არის წყალი, არ არის გაზი. ყველაფერი გადაკეტილია“.
AFP-ის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო Human Rights Watch-ის ცნობას ცილისწამებას უწოდებს და ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდად აფასებს.
უწყება აცხადებს, რომ ისრაელი ომის დაწყებიდანვე უწყობდა ხელს წყლის და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზაში, მიუხედავად ჰამასის თავდასხმებისა.
AFP იმოწმებს 19 დეკემბერს გავრცელებულ მეორე დოკუმენტს, რომელიც ეკუთვნის “ექიმებს უსაზღვრებოდ.” ორგანიზაცია ისრაელს ადანაშაულებს ფართომასშტაბიან ნგრევაში და აღნიშნავს, რომ პალესტინელთა ამ ტერიტორიის ჩრდილოეთში არის “ეთნიკური წმენდის ნიშნები”. ისრაელს ორგანიზაციის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ბოლო სამხედრო იერიში ჩრდილოეთში არის ცხადი ილუსტრაცია იმ სასტიკი ომისა, რომელსაც ისრაელის ძალები აწარმოებენ ღაზის სექტორში და ჩვენ ვხედავთ ეთნიკური წმენდის აშკარა ნიშნებს, რადგან მოხდა პალესტინელების იძულებით გადაადგილება, ისინი არიან ალყაში და იბომბებიან", - ამბობს ორგანიზაციის გენერალური მდივანი კრისტოფერ ლოკიერი.
ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და მათთან ერთად ჰამასის სამხედრო მეთაურის, მოჰამად დეიფის დაპატიმრების ორდერი. დეკემბრის დასაწყისში Amnesty International-მა ბრალად დასდო ისრაელს პალესტინელების გენოციდი ღაზაში.
შარშან დეკემბერში საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთმა აფრიკამ შეიტანა სარჩელი, რომ ისრაელი ღაზის ომით არღვევს გაეროს 1948 წლის კონვენციას გენოციდის შესახებ.
ეს მოჰყვა გაეროს საგანგებო კომიტეტის განცხადებას, რომ ღაზაში ისრაელის მოქმედება შეიცავს გენოციდის ნიშნებს.
ისრაელმა ეს ბრალდებები „სიყალბედ“ შეაფასა.
ფორუმი