Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულები მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა


საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შსს-მ ორი პირი დააკავა. 16 დეკემბერი, 2024 წელი
საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შსს-მ ორი პირი დააკავა. 16 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი კაცი. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ 2000-ლარიანი გირაო დააზღვევდა მათგან ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს.

„შელაპარაკების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს. კერძოდ, ხელი დაარტყეს სახის არეში, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოუჭირა ყელის არეში. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი“, - თქვა საქმის პროკურორმა.

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თუმცა ამის მიუხედავად, გიგა შუბითიძისა და აკაკი ფიჩხაურისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი არც კი დაუყენებია.

პროკურორმა 3000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულების თხოვნა, მათ „შეღავათი გაუწია“ და 2000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადასახდელად მათ 30-დღიანი ვადა აქვთ.

16 დეკემბერს, საღამოს, გამოცემა „მაუწყებელმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შავებში ჩაცმული უცნობი პირები ვაგონში მყოფ ახალგაზრდას ფიზიკურად უპირისპირდებიან.

იმავე დღეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იგივე ადამიანები გამოჩნდნენ რუსთაველის გამზირზეც, სადაც საპროტესტო აქციაზე მყოფ მომიტინგეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ორივე მათგანი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიება დაწყებული იყო მეტროში მომხდარ ძალადობის შემთხვევაზეც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობა).

დღეს, 19 დეკემბერს, უკვე 22-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში მრავალრიცხოვანი აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ არაერთ დემონსტრანტს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმედღიან პატიმრობაში იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები ნიკა გვარამია და ალეკო ელისაშვილიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG