9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.
იმ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკეს როგორც ევროკავშირში, ისევე საქართველოში.
"სირცხვილი, სხვა არაფერია სათქმელი", - დაწერა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა.
"ელჩ ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არაა - ეს მაშველი თოკია კრემლის ქართული ოცნებისთვის", - თქვა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა.
კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 10 დეკემბერს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ელჩებთან ერთად შეხვდა ზურაბიშვილს. შეხვედრიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა:
„რაც აქ არ წერია, არის ის, რომ [შეხვედრა] დავიწყე ევროკავშირის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის მწვავე კრიტიკით. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“.
რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად, თუ რა იყო 9 დეკემბრის შეხვედრის მიზანი, ევროკავშირის წარმომადგენლობამ გვაუწყა, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა.
წარმომადგენლობის თანახმად, ქართული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ელჩმა "წარმოადგინა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით".
გასულ თვეებში პაველ ჰერჩინსკიმ გამოაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ქმედებების პასუხად, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამართულიყო უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, ნიშნავდა თუ არა ეს შეხვედრა ამ გადაწყვეტილების შეცვლას.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ რადიო თავისუფლებას მიუთითა ევროკომისიის პრესსპიკერის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 დეკემბერს "დამატებით ზომებს" განიხილავენ საქართველოსთან დაკავშირებით.
"მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას და ბოლო დროს ხელისუფლების მიერ რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი ექნება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე", - ვკითხულობთ ტექსტში.
9 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც.
მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.
დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან ჩამოთვალა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესება „27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება:
„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების კონკრეტული კატეგორიები შეიძლება დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება მიღებული“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.
ფორუმი