პროევროპული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს, მოსამართლე ნინო მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიან პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი განუმარტავდა მოსამართლეს, არსებობდა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ალფა პევეპე". შმაგი გობეჯიშვილს განმარტებით, გამოძიების დასადგენია, რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ეს ნივთიერება, სად და რა ვითარებაში შეიძინა ის.
პროკურორი ხაზს უსვამდა, რომ გიორგი ახობაძე მანამდეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის.
ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, ახობაძის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.
მანამდე მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო, როგორ ჩაუდეს მარცხენა ჯიბეში "რაღაც სახის ნივთიერება".
როგორც მან განმარტა სასამართლო სხდომაზე, დამაჯერებელი არ არის, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ტექნიკური რესურსის არქონის გამო ვერ გადაიღეს ნივთმტკიცების ამოღება. მისი განმარტებით, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება უნდა არსებობდეს.
ადვოკატი ახობაძის წარსულში ნასამართლობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დანაშაულებს აღიარებდა, ახლა კი არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. ამასთან განმარტა, რომ ახობაძეს ნარკოტიკებთან შეხება არ აქვს.
ადვოკატი მოითხოვდა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 30 000 ლარის გირაოს გამოყენებას. მან სასამართლოს იმ პოლიტიკოსების სიაც წარუდგინა, რომლებიც ახობაძეს თავდებში უდგებოდნენ. მათ შორის იყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ახობაძემ სასამართლოს სხდომაზე "სპექტაკლი" უწოდა მისთვის ნარკოტიკების "ჩადებას" და დაკავებას.
გიორგი ახობაძის თქმით, მისი დაკავება ამ ბრალდებით საზოგადოებისთვის ადვილად დასაჯერებელი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარაა ნარკომომხმარებელი.
მან თქვა, რომ აფრთხილებდნენ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის გამო შესაძლებელი იყო მსგავსი რამ შემთხვეოდა. მან გაიმეორა, რომ ბიოლოგიური მასალა უკანონოდ "ამოიღეს".
ახობაძემ სასამართლო სხდომაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი