Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ


გიორგი ახობაძე, ექიმი
გიორგი ახობაძე, ექიმი

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს, 9 დეკემბერს, წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მისი ადვოკატის ვარაუდით, სასამართლოს სხდომა დღეს ან ხვალ გაიმართება.

ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო, როგორ ჩაუდეს მარცხენა ჯიბეში "რაღაც სახის ნივთიერება". დაკავებიდან მალევე, პროტესტის ნიშნად ახობაძემ შიმშილობა გამოაცხადა.

ადვოკატმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა - ის თავს ნორმალურად გრძნობს.

ძლივს დავითანხმეთ მხოლოდ წყლის მიღებაზე. შიმშილობით ისევ შიმშილობს”, - ამბობს ცუცქირიძე.

გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს თამარ მეფის გამზირზე დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის 7 დეკემბერს გამართული პროევროპული აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

გიორგი ახობაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. მან ადვოკატს უთხრა, რომ მისი დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.

8 დეკემბრის ღამით, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, თბილისში, ვარკეთილში, რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც პოლიციელების ფორმა არ ეცვათ, დააკავა აქტივისტი სანდრო ქინქლაძეც. დაკავების შემდეგ სანდრო ქინქლაძე ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქინქლაძის სასამართლო პროცესიც დღეს, 9 დეკემბერს, გაიმართება.

მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG