ვითარების განმუხტვის გზად ისინი “ქართული ოცნების” მიერ ინკლუზიური დიალოგის დაწყებას ხედავენ:
“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”.
ჟან-ნოელ ბარო, ანალენა ბერბოკი და რადოსლავ სიკორსკი აცხადებენ, რომ: „ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველო დააყენა საგარეო და საშინაო არასტაბილურობის წინაშე. ხაზს ვუსვამთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში“.
ისინი აპირებენ, საქმის კურსში ჩააყენონ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მორიგი საბჭოს მონაწილე კოლეგები, რომ ”მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და დამატებით, განიხილონ „ქართული ოცნების“ ქმედებათა შედეგები ჩვენი შემდგომი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“.
მინისტრები განმარტავენ:
„შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან “ქართული ოცნების” მიერ აღებულმა მოქმედების კურსმა განაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, რამაც თავის მხრივ განაპირობა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება”.
“ვაიმარის სამკუთხედის” საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები მკაცრად გმობენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებასა და რეიდებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში:
“მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ისევე, როგორც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას. ვგმობთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში რეიდებს, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებას და მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ფუნდამენტური უფლებები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, უნდა იყოს მხარდაჭერილი და დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”.
ფორუმი