Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: არანაირი ნატო რუსეთის „ზღურბლზე"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთი ისევ აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი უარს იტყვის ნატოს წევრობაზე.

„არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები და სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოეთის ჯარების მონაწილეობით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ პოპულისტ და შეთქმულების თეორიების მიმდევარ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

კარლსონის მიერ ლავროვთან რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩაწერილი ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 დეკემბერს, გამოაქვეყნა.

ლავროვის თქმით, რუსეთის პოზიცია მკაფიოა - არანაირი ნატო მის „ზღურბლზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ომის დასასრულებლად მოსკოვის მეორე პირობაც - უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ტერიტორიად აღიარება.

კარლსონთან ინტერვიუში ლავროვმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთი თავის „კანონიერ ინტერესებს“ იცავს და თუ დასავლეთს ჰგონია, რომ შეუძლია მოსკოვის „წითელი ხაზები“ მიწიოს, ეს სერიოზული შეცდომაა.

ლავროვის თქმით, რუსეთის მიერ უახლესი ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ ამასწინანდელი გამოცდა აჩვენებს, რომ მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება, რათა დასავლეთს არ მისცენ რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესაძლებლობა.

21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის თანახმად, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდნენ ნატოს წევრები.
  • უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG