ბოლო სამი საათია, პოლიცია ჰაერში ცრემლმდენ აირს უშვებს, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეები სადღესასწაულო პიროტექნიკას ესვრიან. პოლიცია რუსთაველის ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩის ჩასახვევთან დგას და ზურგს წყლის ჭავლის ავტომობილებით იმაგრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაახლოებით 23:30 საათზე აქტიურ რეჟიმში დაიწყო - თუმცა ხალხის ნაწილი უკან ბრუნდება ჰაერში ცრემლმდენი აირის გაფანტვისთანავე. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი დგას რუსთაველის თეატრიდან ფოსტის ყოფილ შენობამდე.
მეექვსე დღეა პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
ფორუმი