თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა შუამდგომლობის საფუძვლად, დაკავებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.
სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ 8 ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდათ. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას.
მოსამართლის თქმით, მან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ 6 დეკემბრის სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულდა, მისი ნებისმიერი ქმედება კი "წინააღმდეგობაა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის".
ცეცხლაძეს პროკურატურა საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.
მან, ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა "ქართული ოცნების" წევრზე, ალი ბაბაევზე, თავდასხმას ედავება. ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.
ფორუმი