Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომები. 4 დეკემბერს შსს-მ განსახილველად 33 მათგანის საქმე შემოიტანა. ისინი 1, 2 და 3 დეკემბერს დაკავებულები არიან.

21:36 4.12.2024

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს: დავით ლომიძეს და თენგო ზასოხაშვილს.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, განსხვავებით დაცვის მხარისა.

ადვოკატების მტკიცებით, პატიმრობის საფუძველი არ არსებობს, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა. ამას არ ეთანხმება პროკურატურა. ორივე ბრალდებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სახეზე ეტყობათ ძალადობის კვალი. მათზე პოლიციამ დაკავებისას და მის შემდეგ იძალადა.

ლომიძეც და ზასოხაშვილიც 2 დეკემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით, იზოლატორის დატოვებისთანავე ეზოში კი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სისხლის სამართლის წესით კიდევ ოთხი პირია დაკავებული. მათგან სამს გუშინ 3 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მესამისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

20:43 4.12.2024

მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის წინააღმდეგ. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე დაკავებულების გათავისუფლებას.

ორივე დაკავებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სისხლნაჟღენთები ეტყობათ. ლომიძე და ზასოხაშვილი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 დეკემბერს აქციაზე - ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე.

იზოლატორიდან გამოსვლისთანავე ორივე მათგანი ეზოში გააჩერეს და სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას. ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

19:11 4.12.2024

ბეგლარ წილოსანი სამართალდარღვევად ცნეს და შენიშვნა გამოუცხადეს. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

წილოსანმა თქვა, რომ აქციაზე შემთხვევით მოხვდა და პროტესტს მხარს არ უჭერს.

"ორ დეკემბერს ჩამოვედი ბათუმიდან, წალკაში ვიყავი წასასვლელი და დილის 8-ზე გადიოდა მარშუტკა, სულ არ ვაპირებდი აქციაზე მისვლას, მოვხვდი რუსთაველზე და ვნახე ეს ამბავი იყო, სხვებს ვართმევდი ხელიდან და ვეზიდებოდი, საპროტესტო მოძრაობის წევრი არ ვარ. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ხმა მივეცი მშვიდობას და საქართველოს განვითარებას. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა, მინდოდა მშვიდობა ყოფილიყო, პირველად მოვხვდი აქციაზე. იმაში დამნაშავე ვარ, რომ პოლიციის მოთხოვნას არ დავემორჩილე", - თქვა ბეგლარ წილოსანმა პროცესზე.

17:59 4.12.2024

2 200 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა დავით ტორაძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. ის ელოდა, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიდნენ, რადგან მის წინ მყოფ ყველა დაკავებულზე მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG