Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ნებისმიერი ქმედება წინააღმდეგობაა სამართლებრივი სახელმწიფოს შესანარჩუნებლად - "დაფიონის" დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე


ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი
ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი

ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულდა, მისი ნებისმიერი ქმედება კი "წინააღმდეგობაა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის".

ცეცხლაძეს პროკურატურა საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".

"ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ, უცებ ფიქრობენ, რომ გამოიყენონ პიროტექნიკა, ფიქრობენ, რომ აუცილებელია, შეეწინააღმდეგონ პოლიციას. მსურს, რომ ამაზე დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ? რა ალტერნატივა დაუტოვა მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის.

ჩემი პოზიცია არის შემდეგი: საქართველოში დემოკრატია დასრულდა, სამართლებრივი რეჟიმი, ყველაფერი გათელილია და საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი - საერთაშორისო სამართლის გამოყენება და წინააღმდეგობის გაწევის უფლება. შესაბამისად, ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო, დაცული იყოს აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლება", - თქვა მან.

ზვიად ცეცხლაძეს და კიდევ შვიდ დაკავებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის თქმით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მან მიიჩნია, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

  • სამ დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან;
  • ხუთ დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG