Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

11:31 5.12.2024

ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ ნათია ძიძიგურის საქმეზე ორი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა დააკმაყოფილა. ადვოკატმა სამხრე კამერების ჩანაწერებიც მოითხოვა, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ საქმის მასალებს ახლავს ოქმი, სადაც წერია, რომ "სამხრე კამერები პოლიციას გამორთული ჰქონდა".

11:30 5.12.2024

ამ წუთებში მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს ნათია ძიძიგურის საქმეს. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.ნათია ძიძიგური 19 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს დააკავეს. 23 ნოემბერს მან განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს.

“ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ. მანქანაში მუხლებზე დამაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა [და ადგილი იყო]. მე ვთხოვდი რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ეს არ გააკეთეს. მივმართავდი, რომ დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით ვმოძრაობ-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ, ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთო… თუმცა მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი”, – ამბობს ძიძიგური . მისივე თქმით ორივე ამ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.

21:36 4.12.2024

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს: დავით ლომიძეს და თენგო ზასოხაშვილს.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, განსხვავებით დაცვის მხარისა.

ადვოკატების მტკიცებით, პატიმრობის საფუძველი არ არსებობს, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა. ამას არ ეთანხმება პროკურატურა. ორივე ბრალდებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სახეზე ეტყობათ ძალადობის კვალი. მათზე პოლიციამ დაკავებისას და მის შემდეგ იძალადა.

ლომიძეც და ზასოხაშვილიც 2 დეკემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით, იზოლატორის დატოვებისთანავე ეზოში კი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სისხლის სამართლის წესით კიდევ ოთხი პირია დაკავებული. მათგან სამს გუშინ 3 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მესამისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

20:43 4.12.2024

მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის წინააღმდეგ. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე დაკავებულების გათავისუფლებას.

ორივე დაკავებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სისხლნაჟღენთები ეტყობათ. ლომიძე და ზასოხაშვილი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 დეკემბერს აქციაზე - ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე.

იზოლატორიდან გამოსვლისთანავე ორივე მათგანი ეზოში გააჩერეს და სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას. ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG